საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლის დევიდ ვილშაერის ბორის ჩოჩიევთან შეხვედრის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
როგორც ოფიციალური თბილისის საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი, "აღნიშნული ქმედება პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის მთავარ, ანუ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებს და ხელყოფს ევროპის საბჭოს სტატუტს, ისევე როგორც საპარლამენტო ასამბლეის ყველა იმ რეზოლუციას, რომლის შესრულების შეფასებაც დავალებული ჰქონდა ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტს".
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მტკიცე პროტესტს ამ შემაშფოთებელ ფაქტთან დაკავშირებით. საქართველო გამოხატავს სრულ პატივისცემას პარლამენტარის თავისუფლების მიმართ, თუმცა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ბ-ნი ვილშაერი, მოქმედებდა ასამბლეის თანამომხსენებლის სტატუსით და შესაბამისად წარმოადგენდა მთელ ორგანიზაციას. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შეხვედრა გამართა მარიონეტული რეჟიმების "საელჩოს" შენობაში... ეს წარმოადგენს ევროპის საბჭოსა და მისი წევრი სახელმწიფოების პოზიციის იგნორირებას, რომლებმაც დაგმეს რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარება და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას ამ უკანონო და ცალმხრივი აღიარების გაუქმებისკენ. უფრო მეტიც, ეს მოწმობს, რომ ბ-ნ ვილშაიერს გააჩნია წინასწარ ჩამოყალიბებული მიკერძოებული პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციების იმპლემენტაციას", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აღნიშნულ კონტექსტში, ვაშაძის უწყება მოუწოდებს ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობას, მათ შორის წევრ სახელმწიფოებს, დაგმონ ეს ქმედება, "რომელიც ლახავს ევროპის საბჭოს პრინციპებსა და ღირებულებებს და ხელყოფს ევროპის საბჭოს საერთაშორისო პრესტიჟს".
შეგახსენებთ, რომ დევიდ ვილშაერისა და ბორის ჩოჩიევის შეხვედრა 20 აპრილს, მოსკოვში "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ. საელჩოში", ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მოსამზადებელი ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, რომელზეც განხილულ უნდა იქნას რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შედეგები. კერძოდ, მონიტორინგის კომიტეტმა უნდა შეისწავლოს და ასამბლეას დასამტკიცებლად გადასცეს რეზოლუცია საპარლამენტო ასამბლეის წინა რეზოლუციების (1633 (2008), 1647 (2009) და 1683 (2009) იმპლემენტაციის მდგომარეობის შესახებ.