"სამოქალაქო საზოგადოებასა და აქტივისტებს გვსურს, 2015 წლის 17 მაისს, ლგბტ ადამიანთა მიმართ სოლიდარობა გამოვხატოთ", - აცხადებენ არასამთავრობოები. NGO-ები შსს-ს მიმართავენ, დაიცვას ადამიანების უსაფრთხოება და ეფექტურად აღკვეთოს ძალადობა. არასამთავრობოების განცხადებით, შეკრებისას, საზოგადოებასა და ხელისუფლებას 2012 წლის 17 მაისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გააცნობენ.
"წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, წელს არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაიცვას ადამიანების უსაფრთხოება და მომავალში უფრო ეფექტურად აღკვეთოს ნებისმიერი სახის ძალადობა და დისკრიმინაცია. ასევე, მნიშვნელოვანია, ყველამ გაიაზროს ის პირადი პასუხისმგებლობა, რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერი აქტივობის ორგანიზებასთან. იმედს გამოვთქვამთ, რომ 2015 წელს მაინც, საქართველოს ხელისუფლება შეძლებს ეფექტიანად დაიცვას საკუთარი მოქალაქეების გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება მიუხედავად მისი სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა" - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და აღნიშნავენ, რომ 2012 წლის 17 მაისის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, “სხვადასხვა სექსუალური უმცირესობის ფუნდამენტურ უფლებათა შესახებ კამპანიის წარმოებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, კონვენცია გამოხატვის საჯარო ფორმებს იცავს, მათ შორის, მშვიდობიანი შეკრების გამართვის უფლებასა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც 12 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს, კერძოდ: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); იდენტობა; კონსტიტუციის 42 მუხლი; მედიის განვითარების ფონდი (MDF); მრავალეროვანი საქართველო (PMMG); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთასორისო საზოგადოება (ISFED); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო (OSGF).
17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველოში, პატრიარქის ინიციატივით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედაც არის გამოცხადებული.