პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სტუდენტებს და მკვლევარებს შეხვდა, რომლებიც პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის პროექტებში იღებდნენ მონაწილეობას.
"როდესაც უცხოეთში საქართველოს შესახებ ვსაუბრობ, ჩემი ერთ-ერთი პოსტულატი არის ის, რომ ქართული ლიტერატურა თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით და ღირებულებებით, ქართველი ადამიანი, როგორც ინდივიდი, ქართული ცხოვრების ყოველდღიურობა თავისი არსით არის ევროპული. ევროპული ღირებულებები ის ღირებულებებია, რომლის ირგვლივაც და რა სიბრტყეშიც ჩვენ ვარსებობთ. თუმცა, ჩვენი მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ბუნებრივი ევროპულობა, რომელიც არის ინდივიდის სახით ჩვენს რეალობაში, გადატანილი იქნას სოციალურ-პოლიტიკურ სისტემებში. ამ ევროპულობის ფონზე და ევროპულობის ხარჯზე ჩვენ უნდა ავაგოთ ჩვენი ცხოვრების ევროპული პოლიტიკური თარგი. ეს ამოცანა რთულია, რადგან ჩვენ როგორც ინდივიდები დიდი ხნის განმავლობაში ვიზრდებოდით ევროპულ ღირებულებებზე, ამ ტიპის ლიტერატურას ვკითხულობდით, ამ ტიპის ლიტერატურას და პოეზიას ვქმნიდით, მაგრამ არ გვქონდა შესაძლებობა იმისა, შეგვექმნა ჩვენი კულტურის და იდენტობის იდენტური სახელმწიფო, რადგან სხვა იმპერიების მიერ ვიყავით დაპყრობილი და საკუთარი სახელმწიფოს შემოქმედების თავისუფლება არ გვქონდა. შესაბამისად, დღეს როცა ვარსებობთ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, დგება არა უბრალოდ კალკირების, არამედ ქართული იდენტობის მსგვასი სახელმწიფოს შექმნის საჭიროება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას უძღვებოდა უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, რომელმაც შეაჯამა პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი და მის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე გაამახვილა ყურადღება.
საქართველოს პრეზიდენტის ფონდი 2014 წლიდან ეხმარება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და კულტურის კვლევების ინსტიტუტს.