საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დიმიტრი შაშკინს მიმართვას უგზავნის. მიმართვაში საია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრს ქსნის # 7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში შესვლისა და "იქ არსებული გაუსაძლისი პირობების" შესწავლას ითხოვს.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 28 ოქტომბერს რამდენიმე კოლექტიური განცხადებით მიმართეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის #7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში მყოფმა მსჯავრდებულებმა. აღნიშნულ განცხადებებს ხელს აწერს დაწესებულების 23-ე, 25-ე, 26-ე საკნებში მყოფი 62 მსჯავრდებული, რითაც ისინი ერთხმად ადასტურებენ დაწესებულებაში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობას. კერძოდ, მსჯავრდებულთა პრეტენზიები ეხება საცხოვრებელ პირობებს (გადატვირთულობა, ანტისანიტარია, განათებისა და ვენტილაციის პრობლემა), ჯანმრთელობის მდგომარეობას (ექიმთან კონსულტაციებისა და მედიკამენტების სიმცირე) და ადმინისტრაციის მხრიდან დამოკიდებულებას", - ნათქვამია მიმართვაში.
საიას განმარტებით, "ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც მსჯავრდებულები გაუსაძლისი პირობების გამო ჩივიან".
"მიმდინარე წლის 9 თებერვალს ჩვენ მიერ თქვენთვის გადმოგზავნილი იქნა ანალოგიური შინაარსის საჩივარი. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფაქტები რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს და სამინისტრომ ყველა საშუალებით უნდა უზრუნველყოს მსჯავრდებულთათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რეალიზება და მინიმალური სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნა. საია გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკვშირებით, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, არც ერთ დაინტერესებულ პირს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლისა და იქ არსებული მდგომარეობის შესწავლის უფლება არ აქვს. თანაც წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ვერ ამოქმედდება. ყოველივე კი ინფორმაციულ ვაკუუმს ქმნის პენიტენციალურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მოგმართავთ თხოვნით, მოგვცეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის #7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში შესვლის ნებართვა იქ არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით", - ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, თამარ ხიდაშელის მიერ შაშკინისთვის გაგზავნილ მიმართვაში.