თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის თავმჯდომარემ, - თამარ ტალიაშვილმა კომისიის წევრებს განსახილველად წარუდგინა ორი ინიციატივა. პირველი შეეხებოდა თბილისის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლებისა და მემორიალური ობიექტების განთავსების წესის საკითხს. ხოლო მეორე - ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის ,,თბილისი“ ჩატარების საკითხს. თბილისში მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფის (მემორიალური ობიექტების) განთავსების წესის შექმნის აუცილებლობა განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ - თამარ ტალიაშვილმა 23 იანვარს გამართულ კომისიის სხდომაზე დააყენა, სადაც დეპუტატმა აღნიშნა, რომ ძეგლების შერჩევა უნდა ხორციელდებოდეს კონკურსის წესით.
შედეგად, კომისიასა და მერიასთან კოორდინირებული მუშაობით მომზადდა ინიცირებული პროექტი, რომლის მიზანს წარმოადგენს მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფის (მემორიალური ობიექტების) განთავსების საკითხის სამართლებრივი რეგულაცია. პროექტის თანახმად, იურიდიულად, ძეგლის განთავსების ინიცირების უფლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეცემა, მიზანშეწონილობის საკითხს კი თბილისის მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია გადაწყვეტს, რომელშიც გარდა მერიის წარმომადგენლებისა, ჩაერთვებიან თბილისის საკრებულოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და დარგობრივი ექსპერტები. კომისიის ნებართვის (თანხმობის) შემდეგ, მერიის ადმინისტრაცია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით აცხადებს კონკურსს შესაბამისი ობიექტის ესკიზის გამოვლენის მიზნით. კომისიამ კიდევ ერთი პროექტის ინიცირების თაობაზე იმსჯელა, კერძოდ, თბილისში, ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი“-ს ჩატარების შესახებ. როგორც კონკურსის დადგენილების პროექტშია აღნიშნული, კონკურსი ცხადდება 8 ნომინაციაში: წლის საუკეთესო პროზა, პოეზია, ფერწერული ნამუშევარი, ქანდაკება, არქიტექტურული ნამუშევარი, სიმღერა, ფოტონამუშევარი, სასკოლო კონკურსი - ესე „ჩემი თბილისი“ და ასევე ჟიურის სპეციალური პრიზი. ნომინაციებში გამარჯვებულებს გამოავლენს 7 წევრისგან შემდგარი კონფიდენციალური ჟიური. დაჯილდოება - თბილისობის ღონისძიების ფარგლებში მოხდება. კონკურსის ჩატარების ინიცირების საფუძველს წარმოადგენს ქართველ შემოქმედთა და კულტურის სფეროში მოღვაწე ხელოვანთა ხელშეწყობა. კონკურსის მიზანია შემოქმედთა პროფესიული ზრდა და ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენა-წახალისება, ეროვნულ-საკაცობრიო ღირებულებების დანერგვა და საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.
სხდომას მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც კომისიის წევრებთან ერთად თბილისში ძეგლების განთავსების წესის ინიცირების პროექტის ყველა პუნქტი დეტალურად განიხილეს. კომისიის წევრებმა წარმოდგენილ ინიცირების პროექტებს ერთხმად დაუჭირეს მხარი.