ძვირადღირებული ტვირთების გადაზიდვაზე მომუშავე კომპანიის 3 თანამშრომელი, რომლებიც ადრე მოსკოვის ”დომოდედოვოს” აეროპორტში მუშაობდნენ, ავიატვირთიდან 3,3 მლნ დოლარის გაქრობის გამო დააპატიმრეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რუსეთის შსს-ს საიტზეა განთავსებული.
ფული მოსკოვში ნოვოსიბირსკის ავიარეისით უნდა შემოსულიყო. თუმცა აეროპორტში ტვირთის მიღების შემდეგ წონაში დაფიქსირებული სხვაობის გამო მისი დალუქვა მოხდა. როგორც გაირკვა ორ ტომარაში ფულის ნაცვლად სამშენებლო ნაგავი იყო.
ნოვოსიბირსკის აეროპორტში ტვირთის შემოწმების შემდეგ, სადაც ტვირთი თვითმფრინავში ჩაიტვირთა, გაირკვა, რომ ტვირთი კანონის დაცვით იყო გამოგზავნილი. შესაბამისად დარღვევისა და ფულის გაქრობის ადგილად მხოლოდ ”დომოდედოვო” თუ იქნება მიჩნეული.
სატრანსპორტო პოლიციამ აღნიშნულ ფაქტზე, ქურდობის მუხლით, საქმე აღძრა, რომელიც დამნაშავის 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და 1 მლნ რუბლის ჯარიმას ითვალისწინებს.
საქმე თავდაპირველად დაუდგენელი პირების მიმართ აღიძრა, თუმცა ერთ დღე-ღამეში სამართალდამცავებს სავარაუდო ეჭვმიტანილები უკვე ყავდათ, წერს რუსეთის შსს.
ეჭვმიტანილები კი ”დომოდედოვოს” 3 ყოფილი მტვირთავი აღმოჩნდა, რომლებიც ტვირთის ჩამოტვირთვის ტექნოლოგიას კარგად იცნობდნენ.
ეჭვმიტანილებმა უკვე აღიარეს, რომ ტვირთი ”დომოდედოვოს” აეროპორტის სარდაფში შეცვალეს და ფული გაიტაცეს.
როგორც ირკვევა, ეჭვმიტანილები ძვირფასეულობის გადამზიდავ კომპანიაში ინკასატორად მუშაობდნენ. სწორედ მათ მიიღეს ნოვოსიბირსკიდან ”ჩამოფრენილი” ტვირთი.
არ გამოირიცხება, რომ ეს ადამიანები სპეციალურად იქნენ დაქირავებულნი, რადგან ისინი კარგად იცნობდნენ ”დომოდედოვოს” აეროპორტს და ადვილად შეძლებდნენ ტვირთის შეცვლას.
ირკვევა ისიც, რომ სამივე პირი ”დომოდედოვოს” აეროპორტიდან სხვადასხვა მიზეზის გამო გაანთავისუფლეს.