თბილისი 3-4 ივნისს "ღია მმართველობის პარტნიორობის" სამიტს უმასპინძლებს. როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა აღნიშნული ორგანიზაცია 2011 წელს აშშ-ის და ბრაზილიის პრეზიდენტების მიერ ჩამოყალიბდა.
,, 3-4 ივნისს გაიმართება "ღია მმართველობის პარტნიორობის" სამიტი. მინდა მოგახსენოთ, რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც 2011 წელს ჩამოყალიბდა აშშ-ის და ბრაზილიისა პრეზიდენტების მიერ. საქართველო მაშინვე გახდა "ღია მმართველობის პარტნიორობის" წევრი ქვეყანა, შარშან იგი აირჩიეს სხვა წევრმა ქვეყნებმა პარტნიორობის მმართველ კომიტეტში, სადაც ჩვენი ქვეყანა წარმოდგენილია ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ბრაზილია, მექსიკა, საფრანგეთი და სხვა. აქედან გამომდინარე ეს იყო აღიარება იმ ფაქტის, რომ საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა ღია მმართველობის კუთხით. ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებ კორუმპირებული ქვეყანა და ამის დასტურია ისიც, რომ ორგანიზაციის 30-მდე ქვეყნის დელეგაცია იქნება წარმოდგენილი ივნისში თბილისის კონფერენციაზე", - განაცხადა ბარამიძემ.