ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კავკასიური ბზა გადაშენების წინაშე დგას, რაც მავნებელი მწერის შესევამ შეიძლება გამოიწვიოს.
ალისებრთა ოჯახის მავნებელი პეპელა (pyralidae) აფხაზეთში სოჭიდან გავრცელდა.
2012 წელს სოჭის ოლიმპიადისთვის მზადების პერიოდში ობიექტების გასამწვანებლად ჩინური წარმომავლობის ბზის ბუჩქები ევროპიდან შეიტანეს.
როგორც აღმოჩნდა, მავნებელი მწერი, სწორედ იმ ბუჩქებს შეჰყვა, დააზიანა სოჭში არსებული ბზა და აფხაზეთში გადაინაცვლა.
მავნებელმა მდინარე ფსოუს გასწვრივ არსებული ბზის ხეივნების 70 % სრულად გაანადგურა და აფხაზეთის ტყეებსა და პარკებში გაშენებულ ბზას შეესია.
,,პარკებსა და ბაღებში რაღაც საშუალებებით შეიძლება მავნებელს შევებრძოლოთ, მაგრამ მთებსა და ტყეებში უღონოები ვართ.
ჩვენთან ბზა მიუწვდომელ მთიან ადგილებშიც ხარობს, სადაც მცენარეს მავნებლებისგან ვერანაირად ვერ დავიცავთ.” - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის მცენარეთა კარანტინის ინსპექციის უფროსმა ალბერტ აგრბამ.
სპეციალისტების განმარტებით, არსებობს მავნებლებთან ბრძოლის სამი მეთოდი.
პირველი: დაავადებული ბზა ფესვებიანად უნდა მოითხაროს, მაგრამ ვინაიდან კავკასიური ბზა წითელ წიგნშია შეტანილი და მის გაზრდას ათეულობით წელი სჭირდება, ბოტანიკოსები ამ გზას მიზანშეუწონლად მიიჩნევენ.
მეორე მეთოდი, მცენარეების სპეციალური შხამქიმიკატებით შეწამვლას ითვალისწინებს, მაგრამ ამისთვის საჭიროა სათანადო დროის გამონახვა, როცა პეპელა მხოლოდ განვითარების სტადიაზეა.
მიუხედავად ამისა, სპეციალისტების აზრით, ქიმიურ ზემოქმედებასაც ნაკლები შედეგი მოაქვს.
ყველაზე ეფექტურ საშუალებად მესამე ხერხს მიიჩნევენ, მავნებელი პეპლის წინააღმდეგ მეორე მწერს, ე. წ. ,,ჩინური ბუზს” იყენებენ, რომელიც პეპლებით იკვებება.
ამ ხერხს უკვე მიმართეს სოჭში.
რუსეთის გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე სოჭში მილიონამდე ,,ჩინურ ბუზს” გაუშვებენ და შემდეგ ბიოლოგები დააკვირდებიან, როგორ შეასრულებენ ისინი ,,დაკისრებულ მოვალეობას.”
თუ ეს მეთოდი გაამართლებს, მაშინ კრასნოდარის მხარეში სპეციალური ლაბორატორიები შეიქმნება, სადაც ასეთ ბუზებს გამოიყვანენ და აფხაზეთშიც გაუშვებენ.
თუმცა, მას შემდეგ, რაც ,,ჩინური ბუზები” ბზის მავნებლებს გაანადგურებენ, სავარაუდოდ, შეიძლება მეორე პრობლემამ იჩინოს თავი და უკვე ეს ბუზები გადაიქცნენ მავნებლებად.
,,პეპელა ახლა მთელ აფხაზეთშია მოდებული. დავუშვათ, ჩინურმა პეპელამ მოსპო ისინი, შემდეგ რას უნდა ველოდოთ, ჩვენ არ ვიცით. არავინ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ეს უკანასკნელი სხვა მცენარეებზე არ გადავა.” - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის სატყეო მეურნეობის უფროსი ანზორ აშხაცავა.
რუსეთის ,,გრინფისის” წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მავნებლების წინააღმდეგ ზომები უფრო ადრე უნდა მიეღოთ და მათ წინააღმდეგ სწორედ შხამ-ქიმიკატები უნდა გამოეყენებინათ, ვინაიდან ,,ჩინური პეპლით” ბრძოლის შედეგები ჯერ შესწავლილი არ არის.