ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტი ყურბანბეკ ბაკიევი მინსკში იმყოფება. მის ტრანსპორტირებაზე ბელორუსის "შესაბამისმა სამსახურებმა" იზრუნეს. ეს განცხადება დღეს ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გააკეთა.
"ყირგიზეთის პრეზიდენტი ყურბანბეკ ბაკიევი ოჯახთან ერთად მინსკში იმყოფება ჩვენი სახელმწიფოსა და პირადად ჩემი დაცვის ქვეშ. ორშაბათს ღამით, მე ჩემს შესაბამის სამსახურებს დავავალე ბაკიევის მინსკში გადმოყვანა", _ განაცხადა ლუკაშენკომ.
აღსანიშნავია, რომ 16 აპრილის შემდეგ, ანუ მას შემდეგ რაც ბაკიევი ყაზახეთში ჩავიდა მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.
"ამჟამად ჩემი დავალებით შეიქმნა სამედიცინო კომისია, რომელიც ბაკიევისა და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლის", _ განაცხადა ლუკაშენკომ და დასძინა, რომ ასევე მისი განკარგულებით ყირგიზ ხალხს ჰუმანიტარული დახმარება გაეგზავნება.
"ჩემი დავალებით იქ გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ასევე ყველაფერი აუცილებელი. იქ საშინელი სიღატაკეა", _ აცხადებს ბელორუსის პრეზიდენტი.
ამას გარდა, ბელორუსის პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ ბაკიევთან დაკავშირებით მას სხვაგვარად მოქცევა არ შეეძლო.
"მე როგორც ადამიანს და როგორც პრეზიდენტს მქონდა ამ გადაწყვეტილების მიღების უფლება", _ განაცხადა ლუკაშენკომ.
მისივე თქმით, მას მუდმივი კონტაქტი ჰქონდა ყურბანბეკ ბაკიევთან და ორჯერ მას ტელეფონითაც ესაუბრა. საუბრის დროს ბაკიევმა მას რესპუბლიკაში არსებული სიტუაცია ამცნო.
"ბაკიევთან მოლაპარაკებებს ყაზახეთის სპეცსამსახურები ისმენდნენ. მე მას ვესაუბრე და მინსკში დავპატიჟე. როგორც ჩანს ამას ყაზახეთში ისმენდნენ და ამიტომაც გაჟღერდა ეს ინფორმაცია რუსული მედიით", _ განაცხადა ლუკაშენკომ.