გორის რაიონის სოფელ ოთარშენში ქვედა უბნის წყალმომარაგების სამუშაოები დასრულდა. მაგისტრალის მშენებლობის შედეგად სოფლის დაახლოებით 95-მა ოჯახმა პირველად ოცი წლის მანძილზე სასმელი წყალი საკუთარ უბანში მიიღო. აქამდე მოსახლეობა წყალს შორი მანძილიდან ეზიდებოდა, რაც მათ საყოფაცხოვრებო პირობებს ძალზე ართულებდა.
ოთარშენის ნაწილს, კერძოდ, ზემო ოთარშენს წყლის პრობლემა გასულ წელს მოუგვარდა. ქვედა უბნის წყალმომარაგებისათვის საჭირო თანხების გათვალისწინება კი მიმდინარე წლის ბიუჯეტით მოხდა. შემუშავებული პროექტის მიხედვით, ქვედა უბანში მოეწყო 1500 მეტრიანი მაგისტრალი და დამონტაჟდა საუბნო ონკანები. ახალი მაგისტრალი ზემო ოთარშენში არსებულ წყლის რეზერვუარს მიუერთდა.
ოთარშენის წყალმომარაგების სამუშაოები შპს ,,არქმშენსტუდია - 2002"-მა შეასრულა. პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 14 100 ლარი გაიხარჯა.