რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელთა დელეგაციის წევრს მონიტორინგის საკითხში დევიდ უილშირს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"გაიმართა მსჯელობა რუსეთსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის ამიერკავკასიაში ურთიერთქმედებების შესაძლო ფორმებზე. შეხვედრისას ასევე შეეხნენ ევროსაბჭოს საპარლამენტო მომხსენებლების უილშირისა და იორშის ვიზიტს აფხაზეთსა და საქართველოში. ასევე ევროსაბჭოს უმაღლესი კომისრის თომას ჰამარბერგის საქმიანობას ამ რეგიონში", _ იუწყება რუსეთის საგარეო უწყება და იქვე აღნიშნავს, რომ ლავროვისა და უილშირის საუბარი ასევე შეეხო უილშირისა და იორშის ანგარიშს, რომელიც მათ 2008 წლის აგვისტოში მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ უნდა მოამზადონ.
რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, რუსულმა მხარემ, სერგეი ლავროვის სახით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასსამბლეის წევრებს მოუწოდა მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიუდგნენ "ქართულ-სამხრეთოსური" კონფლიქტის შედეგების შესახებ ანგარიშის მომზადებას და რა თქმა უნდა ყოველივე ეს "ახალი პოლიტიკური რეალობების გათვალისწინებით" გააკეთონ.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავ ელის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, მის წინაშე, აპრილში დაგეგმილ სხდომაზე კვლავ დააყენებს საკითხს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უარყოფის შესახებ.
მით უფრო, რომ ამ სხდომაზე განსახილველად გამოტანილი იქნება ასსამბლეის მომხსენებლების მათიას იორშის (უნგრეთი) და დევიდ უილშირის (დიდი ბრიტანეთი) ანგარიში 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ კავკასიაში ომის შესახებ. აღნიშნული განცხადება, რამდენიმე დღის წინ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასსამბლეაში რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა.
სლუცკი ასევე აცხადებს, რომ რუსული მხარე "ემზადება იმისათვის, რომ მაქსიმალურად საფუძვლიანად გასცეს პასუხი მათ კითხვებს, იმისათვის რათა თავიდან იქნეს აცილებული დესტრუქციული მიდგომები". ხოლო რაც შეეხება რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების მოთხოვნას, სლუცკის თქმით, ეს მოთხოვნა რუსეთისათვის მიუღებელია.
თავად ევროსაბჭოს მომხსენებლები აცხადებენ, რომ დოკუმენტში სრულყოფილად ვერ მოხვდება სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენელთა პოზიცია, ვინაიდან ცხინვალის რეჟიმის გადაწყვეტილებით დელეგაციამ ვერ მოახერხა რეგიონში შესვლა და მათთან გასაუბრება. რაც შეეხება აფხაზეთს _ ანგარიშში შედის სოხუმის სეპარატისტული რეჟიმის ხელმძღვანელებთან ბოლო შეხვედრის დეტალები.