საპარლამენტრო უმცირესობის ლიდერი გორგი თარგამაძე აცხადებს, რომ სპეცსამსახურების ინფორმაცია ემთხვევა "ქრისტიან- დემოკრატების" მონაცემებს მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ. ეს განცხადება გიორგი თარგამაძემ ნდობის ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
ნდობის ჯგუფს ინფორმაცია მიაწოდა საგარეო დაზვერვის ანტიტერორისტული ბიუროს და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ. როგორც სხდომის შემდეგ გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, აძალიან ბევრი საკითხია, რაზეც საჯარო განცხადებები ვერ გაკეთდება, თუმცა ხაზგასმით აცხადებს, რომ მათი პროვოკაციის საფრთხებ რეალურია.
"ჩვენი წინასწარი ვარაუდი და ასევე ექსერტების შეფასებები რომ 2010 წელი იქნება სერიოზული საფრთხეების მატარებელი, როგორც ჩანს, რეალურია და აქედან გამომდინარე, სათანადო ორგანოებს სჭირდებათ განსაკუთრებული მობილიზება, რათა მოვახდინოთ საფრთხეების პრევენცია, ლოკალიზება ან საერთოდ გამორიცხვა", _ აცხადებს თარგამაძე და დასძენს, რომ ამისთვის აუცილებელია უწყებების კოორდინაცია და სწორი საფინანსო პოლიტიკის განხორციელება.
"საფინანსო პოლიტიკასთან დაკავშირებით ჩვენ 2010 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისასაც ვიმსჯელებთ. მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს საკითხი უშიშროების საბჭოს სხდომაზე და უშუალოდ პრეზიდენტთანაც უნდა დავაყენოთ", - აცხადებს გიორგი თარგამაძე და აღნიშნავს, რომ "ქრისტიან-დემოკრატებს" გააჩნიათ გარკვეული რეკომენდაციები პროვოკაციების პრევენციისათვის და იმედოვნებს, რომ ამ თემაზე ხელისუფლება და მთელი ოპოზიცია შეთანხმებულად იმოქმედებს.
"ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი არის ქვეყნის უსაფრთხოება და ეს სპეკულაციის საგანი არავის მხრიდან არ უნდა გახდეს. ამიტომაც იმედი მაქვს, რომ ამ საკითხზე მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთობლივ მოქმედებას შეძლებს", - აცხადებს თარგამაძე.