იუსტიციის მინისტრმა დაბა კაზრეთში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მოინახულა. თეა წულუკიანი ადგილზე გაეცნო პროცესის მიმდინარეობას და იქ დასაქმებულ პერსონალს გაესაუბრა. იუსტიციის მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი შიო ხეცურიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
„დაბა კაზრეთში ჩვენ ვაშენებთ მორიგ საზოგადოებრივ ცენტრს, რომელიც მაისში უნდა დასრულდეს, და ეს ემსახურება იმავე მიზანს, რასაც საზოგადოებრივი ცენტრები სხვა რაიონებში, მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ემსახურება − რომ იუსტიციის სახლში არსებული საჯარო და კერძო სერვისები არ იყოს მხოლოდ ქალაქის ფუფუნება და იმ რაიონში, სადაც ბევრი კორპუსია, ცხოვრობენ ბავშვები, ახალგაზრდა თაობა და პენსიონერები, 200-ზე მეტი სერვისი იყოს ხელმისაწვდომი − ბანკი იქნება ეს, პასპორტი, პირადობის მოწმობა თუ სხვა სერვისი“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
კაზრეთის საზოგადოებრივი ცენტრი რიგით 21-ე ცენტრი იქნება. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად უკვე შეუძლია კაჭრეთის, ყვარელწყლის/დუისის, მუხაესტატეს, გეგუთის, მეჯვრისხევის, შაშიანის, სართიჭალის, გომის, რუისის, ხევის, მანგლისის, კოდას, შორაპნის, ნიგოეთის, ჭალადიდის, ჯვრის, ფოკას, ხიდისთავის, ნუკრიანისა და კორბოულის მოსახლეობას. თეა წულუკიანის თქმით, კაზრეთის შემდეგ საზოგადოებრივი ცენტრი სოფელ შილდაში გაიხსნება.