ქუთაისში აფეთქებული "დიდების მემორიალის" მოსკოვში აღსადგენად შემოწირულობები გროვდება. მოსკოვის საქალაქო დუმის დეპუტატის, "ისტორიული მემკვიდრეობის" ფონდის გენერალური დირექტორის ვიქტორ სილვერსტოვის განცხადებით შემოწირულობები რამდენიმე ათასმა ადამიანმა გაიღო.
"მივმართეთ ყველას, ვისთვისაც სულერთი არ არის დიდ სამამულო ომში დაღუპულთა მონუმენტის ბედი და გამოძახილიც მოჰყვა: 3,5 ათასზე მეტმა უბრალო ადამიანმა და 50-ზე მეტმა ორგანიზაციამ სპეციალური ფონდის ანგარიშზე შემოწირულობა შეიტანა", - განაცხადა სილვერსტოვმა.
შეგახსნებთ, რომ ქუთაისში "დიდების მემორიალის" დემონტაჟი 2009 წლის 19 ნოემბერს განხორციელდა. უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო, აფეთქებისას ორი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაიჭრა.
მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის გადაწყვეტილებით, ქუთაისში დანგრეული "დიდების მემორიალის" ანალოგი 2010 წელს პოკლონნაია გორაზე აღიმართება. მისი დადგმა _ პოკლონნაია გორაზე მდებარე "ხსოვნის ხეივანში" იგეგმება.
"ხსოვნის ხეივანში არის სინაგოგა, უკრაინული ძეგლი და წმინდა გიორგის ტაძარი. იქ ასევე განთავსებულია ესპანური ჯვარი, იქნება ბუდისტური ქანდაკებაც, ასევე სომხური ქანდაკება. მგონი ეს შესაფერისი ადგილია", _ განაცხადა ლუჟკოვმა.
"ძეგლის აღდგენის სიმბოლო იქნება ასეთი _ ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ ერთად ვიყავით და მრავალი ვარიანტიდან სწორედ ხსოვნის ეს სიმბოლო შეირჩა", _ განაცხადა ლუჟკოვმა.
მოსკოვის მერის ინფორმაციით, მემორიალის დადგმის ადგილის შერჩევის შემდეგ გამოცხადდება კონკურსი, რომელშიც გამარჯვებული ქანდაკება მემორიალის ზუსტ იერსახეს განსაზღვრავს.
ლუჟკოვის ინფორმაციით, 6 მაისს იმ ადგილზე, სადაც მომავალში მემორიალი დაიდგმება, საზეიმო ვითარებაში, სიმბოლურად ქვა ჩაიდება.