თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიამ თბილისისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურისა და მის მმართველობაში არსებული ,,ა(ა)იპ თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის’’ ანგარიში განიხილა. აღნიშნული ანგარიშების განხილვის მიზანს თბილისის ბიუჯეტის პროგრამების ეფექტიანი ადმინისტრირებისა და ხარჯვის მიზნობრიობის ანალიზი და მათ საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენს.
კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა ია მაქაცარიამ თავის ანგარისში ხაზი გაუსვა იმ სისტემური პრობლემების აღმოფხვრისათვის გადადგმულ ქმედით ნაბიჯებს, რომელიც დახვდა თბილისის ახალ ხელისუფლებას კულტურის მიმართულებით. ანგარისში ასევე, წარმოდგენილი იყო ინფორმაცია საქალაქო სამსახურის რეორგანიზების პროცესისა და თანმდევი სირთულეების შესახებ.
დეპუტატებს ამავე კომისიაზე ა(ა)იპ თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის თავმჯდომარემ, ზურაბ წერეთელმა უკვე განხორციელებული პროექტებისა და მათი მიზნობრივობის შესახებ ანგარიში წარმოუდგინა და ისაუბრა პროექტების განხილვის პროცესისა და კრიტერიუმების შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთი არის ბენეფიციართა რაოდენობა.
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს დეპუტატები, აგრეთვე განათლებისა და კულტურის კომისიასთან არსებული სათათბიროს წევრები.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურისა და ცენტრის ხელმძღვანელების მოსმენების შემდეგ ,სხდომა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. დეპუტატებმა მომხსენებლებისგან კონკრეტულ კითხვებზე დეტალური პასუხები მოისმინეს.
თამარ ტალიაშვილმა შეაჯამა წარმოდგენილი ანგარიშები და მომხსენებლებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოებისთვის.
„წარმოდგენილი ანგარიშები იძლევა კარგ საფუძველს, რომ მოხდეს არსებული ვითარების სიღრმისეული ანალიზი. მათი განხილვა ასევე კარგი წინაპირობაა სამომავლო გეგმების განსაზღვრისა და 2016 წლის ბიუჯეტის პროგრამულად გაწერისათვის. ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთი თვის ვადაში ერთობლივად განვიხილავთ სტრატეგიულ ანალიზს კულტურის მიმართულებით” - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
კომისიის თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს კულტურის პოლიტიკის სტრატეგიის შექმნის პროცესში თბილისის მუნიციპალიტეტსა და კულტურის სამინისტროს შორის კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობას.
დღევანდელ სხდომაზევე კომისიამ განიხილა ა(ა)იპ „თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის“ მიერ წარმოდგენილი პროექტები. მათ შორის პოეტ თინათინ მღვდლიაშვილის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო და ესპანეთში ქალაქ ლორეტ დე მარში, ანსამბლის „საგალობელი“ საერთაშორისო ფესტივალ-შეჯიბრში „მზე, ზღვა, ფესტივალი“ მონაწილეობის ხელშეწყობის საკითხები.
კომისიის წევრებმა პროექტის ავტორებისგან მიიღეს ამომწურავი პასუხები მიზნობრიობის შესახებ და დადებითი შეფასება მისცეს ბიუროსთან შესათანხმებლად.