პანკისის ხეობის მაცხოვრებლები, ძირითადად ტრადიციული ისლამის მიმდევრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ვაჰაბისტების დაფინანსების საკითხის შესწავლას ითხოვენ.
როგორც ადგილობრივებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, პანკისის ხეობაში საგანგაშო არაფერი ხდება, თუმცა გარკვეული პირები ხეობაში ვაჰაბიზმის გაძლიერებას უწყობენ ხელს. `ეჭვსგარეშეა ვაჰაბისტებს ვიღაც მაღალჩინოსანი მფარველობს, მაგრამ ვინ, არ ვიცით. ისინი საკმაოდ სერიოზულად ფინანსდებიან და ეს თანხა როგორ და საიდან ხვდება მათთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან სწორედ ამის შესწავლას მოვითხოვთ. ვაჰაბისტები ამდენ ფულს უკონტროლოდ როგორ იღებენ? აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში პანკისის ხეობიდან ახალგაზრდები მასობრივად იგზავნებიან არაბეთის ქვეყნებში. არაბეთში წასულ ახალგაზრდებს შორის სწორედ ვაჰაბიზმის მიმდევრები არიან~ - აცხადებენ სოფლების დუისის და ჯოყოლოს მაცხოვრებლები.
შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში ვაჰაბიზმის განვითარების თაობაზე ცოტა ხნის განცხადება კავკასიის საკითხებში ექსპერტმა მამუკა არეშიძემაც გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება პანკისის ხეობაში ცეცხლს ეთამაშება.
`პანკისის ხეობაში ტერორისტები არ არიან, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ იქ ჯანსაღი მდგომარეობაა. ადგილობრივი ხელისუფლებიდან ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ პანკისის ხეობაში სიტუაციის უკეთ გასაკონტროლებლად იქ არსებულ ვაჰაბისტურ ძალებს დაეყრდნოს. პანკისში მნიშვნელოვნად არის შევიწროებული ტრადიციული ისლამი. სამაგიეროდ, ყვავის ვაჰაბიზმი. ამიტომაც ვამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლება პანკისში ცეცხლს ეთამაშება. პანკისის ხეობაში მყოფი ვაჰაბისტები დღეს ლოიალურები არიან საქართველოს ხელისუფლების მიმართ, თუმცა ხვალ რა მოხდება, ამის პროგნოზი ძალიან რთულია~, - განაცხადა არეშიძემ.