ლიტვის სპეცსამსახურები ამ ქვეყნის 20 წლის მაცხოვრებელს მოსკოვის ტერაქტებში შესაძლო მონაწილეობაზე ამოწმებენ. 20 წლის გოგონა მოსკოვში მომხდარ აფეთქებებამდე მცირე ხნით ადრე ვილნიუსის ერთ ერთ აეროპორტში დააკავეს. ერთ ერთი ვერსიით ახალგაზრდა გოგონა შესაძლოა ერთ-ერთი თვითმკვლელი იყოს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "კომერსანტი" ლიტვურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გოგონასადმი ეჭვი გამოიწვია იმან, რომ მის ბარგში აღმოჩენილი იქნა მოსკოვის მეტროპოლიტენის რუკა და ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენების სქემები და ინსტრუქციები. 20 წლის გოგონა რუსი და ლიტველი სპეცსამსახურების ერთობლივი ოპერაციის შედეგად დააკავეს. ამავე დროს, ლიტველი სპეცსამსახურების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ცხადჰყო, რომ დაკავებული გოგონა უკიდურესად რადიკალური მსოფლმხედველობისაა და მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ ჩრდილოკავკასიურ დიასპორასთან.
20 წლის კაუნასის მაცხოვრებელი ეგლე (გვარი არ სახელდება) სპეცსამსახურების ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც რამდენჯერმე დაჟინებული მცდელობა ჰქონდა მიეღო რუსეთის ვიზა, ისე რომ გამგზავრების მიზანი არ მიუთითებია. შედეგად, საელჩომ მას ვიზა მისცა, მაგრამ მისით უკვე დაინტერესებულნი იყვნენ რუსეთის სპეცსამსახურები. არაოფიციალური წყაროების ინფორმაციით, ამის შემდეგ გოგონას სატელეფონო საუბრები ისმინებოდა და სწორედ მათი შინაარსი გახდა გოგონას დაკავების მიზეზი.
"ეჭვი გვაქვს, რომ მოსკოვში იგი იმიტომ უნდა ყოფილიყო, რომ ვიღაცისთვის რაღაც გადაეცა, მიეღო ინსტრუქციები და შესაძლოა მერე, ტერაქტი განეხორციელებინა", _ განუცხადა "კომერსანტს" ლიტვის სამართალდამცავი ორგანოებს წარმომადგენელმა.
ლიტვური გაზეთის ინფორმაციით, კი ჯერ კიდევ 2007 წელს გოგონა სახლიდან გაქრა და მასზე საერთაშორისო ძებნაც კი იყო გამოცხადებული. გოგონა მალევე პატარა გერმანულ ქალაქში იპოვეს, სადაც იგი ჩეჩნურ ოჯახში ცხოვრობდა და ფაქტიურად მოსამსახურის ფუნქციას ასრულებდა. თუმცა, ყველაფრიდან ჩანდა, რომ ასეთი ცხოვრება მას აწყობდა. გოგონამ არაერთგზის გაუმეორა თავის ნათესავებს, რომ ლიტვაში დაბრუნება მას არ სურდა და არც აპირებდა. თუმცა რამდენიმე ხანში ჩეჩნური ოჯახის წევრები სადაც გოგონა ცხოვრობდა გერმანელი სამართალდამცავების ყურადღების ქვეშ მოხდა. ამის შემდეგ ჩეჩნური ოჯახი გაემგზავრა, გოგონას კი ლიტვაში დაბრუნებამ მოუწია.
ლიტვური მედია ასევე იუწყება, რომ გოგონა ყურანს სწავლობდა, ჯერ ჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, გოგონას ჰყავდა საქმრო, რომელიც ჩრდილოკავკასიაში დაიღუპა.
ლიტვაში დაბრუნების შემდეგ გოგონამ ვერ შეძლო ნათესავებთან კარგი ურთიერთობების დამყარება. იგი ისლამის მკაცრი მიმდევარი გახდა და ცდილობდა ყველა ირგვლივმყოფი დაერწმუნებინა, რომ ისლამი _ მსოფლიოში საუკეთესო რელიგიაა.
ამჟამად გოგონა დაპატიმრებულია. სამართალდამცავები გამოძიებას აწარმოებენ და ტერაქტებსა და სხვა დანაშაულებებში მის თანამონაწილეობას იკვლევენ. დაკავების შემდეგ გოგონას სახაზინო ადვოკატი დაენიშნა, თუმცა მის მომსახურებაზე გოგონამ უარი განაცხადა. ახლა კი მას ლიტვაში ცნობილი და ძვირადღირებული ადვოკატი იცავს. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ეს ადვოკატი მას ლიტვის ჩეჩნურმა დიასპორამ დაუქირავა.