საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრებთან და საჯარო უწყებების თანამშრომლებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება.
ვიზიტის მიზანია, ავსტრიაში არსებული პრაქტიკის გაცნობა მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებით. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი მელაშვილი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი, ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დირექტორი, გიორგი ტოკლიკიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები და სხვა ოფიციალური პირები.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები ავსტრიის პარლამენტის წევრებთან, რეგიონული მმართველობის ორგანოების დელეგატებთან, ავსტრიის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რეგიონების ფედერალური ინსტიტუტის წარმომადგენლებთან.
აღნიშნული ვიზიტი სასწავლო ხასიათისაა და ხელს შეუწყობს საქართველოსა და ავსტრიას შორის მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარებას.