ამ წუთებში, კრაკოვში, პოლონეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის - ლეხ და მარია კაჩინსკების დაკრძალვის ცერემონია იწყება.
ცერემონია სამგლოვიარო მესით გაიხსნება, რომელსაც რომის პაპის სპეციალური წარმომადგენელი აღავლენს.
კრაკოვის ცენტრალურ მოედანზე, რომელიც 40 ათას ადამიანს იტევს, სავსეა. მესას ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური პირები, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი.
პოლონეთში წუთიწუთზე ელოდებიან საქართველოს პირველი პირის ჩასვლასაც, რომელიც კაჩინსკების დაკრძალვის ცერემონიაში მეუღლესთან - სანდრა რულოვსთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.
სამგლოვიარო მესა საათნახევარს გაგრძელდება, რის შემდეგაც ლეხ და მარია კაჩინსკების ცხედრებს წმინდა მარიას ბაზილიკის ტაძრიდან გამოსვენებენ და სამგლოვიარო პროცესია ვაველის სამეფო ციხესიმაგრისკენ გადაინაცვლებს.
პოლონეთის პრეზიდენტსა და ქვეყნის პირველ ლედის თბილისის დროით 17:300 საათზე დაკრძალავენ, რასაც მხოლოდ ოჯახის წევრები დაესწრებიან.
კაჩისნკებისთვის სამუდამო განსასვენებელი ვაველის ციხესიმაგრეშია გამოყოფილი, სადაც პოლონელი მეფეები, პოლონეთის მთავრობის პირველი მეთაური უიზეფ პილსუდსკი, სამხედრო მაღალჩინოსნები და საზოგადო მოღვაწეები არიან დასაფლავებულნი, თუმცა კაჩინსკების საფლავები არა მეფეების გვერდით, არამედ ცალკე აკლდამაში იქნება.