საინგილოში, კახის პოლიციის თანამშრომლები რაიონში მცხოვრებ ქართველებს ქართულად სიმღერას და ცეკვას უკრძალავენ. როგორც ადგილობრივებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამართალდამცავები ქართველებს პრობლემების შექმნით დაემუქრნენ.
ინგილოების თქმით, ამ მიმართულებით პოლიცია განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც კახის კულტურის ცენტრი აღარ ფუნქციონირებს. როგორც ცნობილია, სამი კვირის წინ, კახის რაიონში არსებული ერთადერთი კულტურის სახლი ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა. საინგილოში მცხოვრები ქართველების ვარაუდით, შენობა სპეციალურად დაწვეს. აღსანიშნავია, რომ ხანძრის გაჩენის დღესვე, საღამოს, კახის რაიონის პოლიციის უფროსის მოადგილემ დამწვარი შენობიდან პირადად ჩამოხსნა აბრა, სადაც ეწერა, რომ შენობაში ქართული კულტურის ცენტრი ფუნქციონირებდა.
კახის რაიონში მცხოვრები ქართველების შევიწროვებასთან დაკავშირებით კახის პოლიციის განყოფილებაში საუბარი არ ისურვეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრი ამ საკითხზე კომენტარისათვის საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსაც დაუკავშირდა, მაგრამ უშედეგოდ.
კახის რაიონში მცხოვრები ქართველები დახმარებას საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვენ.