25 თებერვალს 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში გაიხსნება აფხაზური კუთხე, სადაც განთავსდება ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული აფხაზური ლიტერატურა და პერიოდიკა. კუთხის გახსნა აფხაზური ენის, მწერლობის, კულტურისა და ისტორიის შესწავლისა და კვლევის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
აფხაზური კუთხე გაიხსნება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივითა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.
ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება აფხაზური კუთხის გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც უმასპინძლებს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი - გიორგი კეკელიძე. ღონისძიებას დაესწრებიან ევროკავშირის ელჩი საქართველოში - იანოშ ჰერმანი და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში - ნილს სკოტი. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის წევრები, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
სხვა გამოცემებს შორის აფხაზურ კუთხეში წარმოდგენილი იქნება პირველი აფხაზურ-რუსული ლექსიკონი, რომელიც ხელახლა გამოიცა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. ლექსიკონის დედანი, როგორც იშვიათი გამოცემა, ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში ინახება.
ღონისძიების სტუმრები დასაჩუქრდებიან აფხაზური მუსიკალური ფოლკლორის ციფრული ჩანაწერებით. ასევე გაიმართება დიმიტრი ერმაკოვის ისტორიული ფოტოების გამოფენა, რომელიც საჩუქრად გადასცეს ბიბლიოთეკას ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლობებმა საქართველოში.