სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე განათლების რეფორმასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" უწყებიდან აცნობეს, შეხვედრას სამინისტროს ხელმძღვანელი დიმიტრი შაშკინი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი და უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
შეხვედრაზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. სამინისტრო ამჟამად განათლების რეფორმის მეორე ეტაპზე გადადის, რაც მსჯავრდებულებისთვის უმაღლესი განათლების მიღებას ითვალისწინებს.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მსჯავრდაბულთა განათლების კუთხით მიმდინარე რეფორმის პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა.
ყველა არასრულწლოვან მსჯავრდებულს უკვე აქვს შესაძლებლობა მიიღოს საშუალო განათლება და განათლების დამადასტურებელი ატესტატი, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა.
სწავლება განათლების ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. მასწავლებლებმა, რომლებიც მსჯავრდებულებთან მუშაობენ, გაიარეს გადამზადება და ის სავალდებულო პროგრამები, რომლებიც ციხის სპეციფიკის გათვალისწინებითაა შედგენილი. სისტემაში განათლების რეფორმის წარმატებით მიმდინარეობის შედეგად წელს ექვსმა არასრულწლოვანმა ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები. ქულების მიხედვით ერთ-ერთი მსჯავრდებული 70%-იანი დაფინანსებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყველაზე პრესტიჟულ, ბისზნესისა და მართვის ფაკულტეტზე მოხვდა.
სასჯელაღსრულების სისტემაში განათლების რეფორმის ფარგლებში სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო, საქართველოს ტექნიკურ და თავართქილაძის ეკონომიკური ურთიერთობებისა და სამართლის უნივერსიტეტებთან.