ოფიციალური თბილისი რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულ ქართველებთან დაკავშირებით რუსი გენერლების პასუხს ისევ ელოდება.
დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე ტყვეობაში რჩებიან. რამდენიმე გატაცებული ოჯახის წევრს ტელეფონით ისევ დაუკავშირდა და როგორც ირწმუნებიან, მათ "კარგად ექცევიან".
შეგახსენებთ, რომ თექვსმეტი გრემისხეველი სოფლის თავზე მდებარე ტყიდან 26 ოქტომბერს გაიტაცეს.
ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების განცხადებით, ისინი საოკუპაციო საზღვრის გადაკვეთის გამო დააკავეს.
სოფელში კი ამტკიცებენ, რომ ოკუპანტების მიერ გავლებული ე.წ. საზღვარი გატაცების ადგილიდან დაახლოებით ერთ კილომეტრზე მდებარეობს. თექვსმეტი ქართველის გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საოკუპაციო ჯარებს მიმართა.
სპეციალური განცხადება ევროკავშირმაც გაავრცელა. სადამკვირვებლო მისია მხარეებს საკითხის მოგვარებას სთხოვს.