,,თავისუფალი დემოკრატების" წევრი ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის, ვალერი ზუმბაძის მიერ თანამდებობის დატოვებას ადეკვატურად მიიჩნევს. როგორც დეპუტატი აცხადებს ყველა ის საკითხი, რაზეც ზუმბაძის მიმართ შეკითხვა არსებობს, უნდა გაირკვეს.
"სწორი არ იყო ის ნაბიჯი, როდესაც ეს ადამიანი, ვის მიმართაც მძიმე საკითხებთან დაკავშირებით არსებობს შეკითხვები, თანამდებობაზე დაინიშნა. მე უკვე მივმართე თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს და მოვთხოვე, რომ თავდაცვის სამინისტრომ გააკეთოს განცხადება, როგორ აპირებს ამ კითხვებზე პასუხის გაცემას. გადაწყვეტილება, რომელიც ზუმბაძის მიერ იქნა მიღებული, ადეკვატურია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაირკვეს", _განაცახდა ჩიქოვანმა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, ვალერი ზუმბაძე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია:
„ჩემს წინააღმდეგ ბოლო პერიოდში ვრცელდება ყოველგვარ რეალურ საფუძველს მოკლებული ბრალდებები და მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია.
იმისთვის, რათა არ მოხდეს საქართველოს თავდაცვის უწყების იმიჯის შელახვა, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო დაკავებული თანამდებობა. მზად ვარ, სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში, პასუხი გავცე ჩემი მისამართით დასმულ ყველა კითხვას.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გადავწყვიტე, ცილისმწამებლური განცხადებების ავტორების წინააღმდეგ სარჩელი შევიტანო სასამართლოში, რათა დავიცვა საკუთარი რეპუტაცია და ერთხელ და სამუდამოდ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს სიმართლე."
მასალის გამოყენების პირობები