საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია მეზობლის დაჭრას არ აღიარებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გამსახურდიას ადვიკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა, მის დაცვის ქვეშ მყოფი თავად არის დაზარალებული.
"ახლახან გამოვედი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, სადაც ცოტნე გამსახურდია მოვინახულე. როგორც მისგან გავიგე, ის წუხელ, სახლში ბრუნდებოდა, როცა უკნიდან ვიღაც მიეპარა და თავში რაღაც ჩაარტყა, რის გამოც გონება დაკარგა. გონზე ცოტნე კოლხურ კოშკში მოვიდა, სადაც ის პოლიციამ მაშინვე დააკავა. ასე რომ, ის თავად არის დაზარალებული", - განუცხადა ბექაურმა "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ დაუნახავს "თუ ვინ მიეპარა და ვინ მიაყენა თავის არეში დაზიანებები".
ადვოკატის განმარტებით, გამსახურდიასთვის ბრალი ჯერჯერობით არ წაუყენებიათ. კანონის თანახმად, მას ბრალი 48 საათის განმავლობაში უნდა წაუყენონ.
ბექაურის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან ჯერჯერობით არც გამომძიებლები შესულან.
"მასთან ჩემს გარდა ჯერ არავინ ყოფილა", - აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია დაკავებულია. ის მეზობლის, დავით ბაჯელიძის დაჭრაშია ეჭვმიტანილი.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი წუხელ, კოლხურ კოშკთან ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.