ოკუპირებული გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თემურ ნადარაიას განცხადებით, მას უნდა, რომ რაიონი ეკონომიკურად ისე მომძლავრდეს, თავი საკუთარი შემოსავლებით ირჩინოს და ოკუპირებული აფხაზეთის ცენტრალურ ბიუჯეტზე დამოკიდებული არ იყოს.
,,გვინდა მოვიზიდოთ ინვესტორები და გალში თხილის გადამამუშავებელი ქარხანა და ხორცკომბინატი ავაშენოთ.
შევეცდებით, ამ ბიზნესში გარე ინვესტიციების გარდა, ადგილობრივი კერძო კაპიტალიც ჩავდოთ.
მართალია, ხორცკომბინატისთვის ნედლეულის მოპოვება რაიონის გარეთ მოგვიწევს, რადგან აქ ამდენი საქონლის მოძიება გაგვიჭირდება, მაგრამ ვიდრე მიკროფერმებს გავაშენებთ, მანამდე ხორცის მიღება-ჩაბარება კერძო სექტორიდანაც შეიძლება.
შემდეგ კი მოსახლეობას ხელს შევუწყობთ, მესაქონლეობას მიჰყონ ხელი და ფერმები მოაშენონ." - განაცხადა თემურ ნადარაიამ.
მისი თქმით, გალის რაიონში საფერმერო მეურნეობის განვითარება, მესაქონლეობა და ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების მოყვანა მოსახლეობის სოცილაურ-ეკონომიკურ დონეს მნიშვნელოვნად აამაღლებს.
ნადარაია იმასაც აღნიშნავს, რომ გალის რაიონი ნაკლებად ინტეგრირებულია და ,,რაღაც დოზით" გამიჯნულია კიდეც დანარჩენი აფხაზეთისგან, რაც აუცილებლდა უნდა გამოსწორდეს.
,,ქვეყნის დასავლეთ რაიონების მცხოვრებთა უმეტესობა საერთოდ არ არის გალში ნამყოფი, ისევე, როგორც გალელები არ დადიან სოხუმში...
ვერ გავამტყუნებ ადამიანებს, რომლებიც გაჭირვების გამო საქართველოში გადადიოდნენ და იქაურ მოქალაქეობას ირჩევდნენ, რათა ლტოლვილებისთვის განკუთვნილი დახმარება მიეღოთ.
ამიტომ გალის რაიონში პოლიტიკის და უბრალო ადამიანების ერთმანეთთან გაიგივება არ შეიძლება. უმეტესობა მათგანს უნდა, რომ აქ მშვიდად იცხოვროს, თავისი შვილებიც აქ აღზარდოს, იმუშაოს და შრომის ანაზღაურება მიიღოს.
ჩემი მიზანია, შევქმნა ისეთი გარემო, რომ ამ რეგიონის მოსახლეობა საქართველოსკენ კი არა აფხაზეთისკენ ისწრაფვოდეს." - განაცხადა გალის რაიონის ადმინსტრაციის ხელმძღვანელმა.