ფრანგი დეპუტატების შეფასებით, ფრანგულ-ქართული უირთიერთობების მისტრალის დონემდე დაყვანა არ შეიძლება.
ამის შესახებ განცხადებები ფრანგმა დეპუტატებმა დღეს პარლამენტში ვიცე-სპიკერ გიგი წერეთელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს.
ფრანგი კანონმდებლების განცხადებით, რუსეთისათვის მისტრალის მიყიდვა გრძელვადიანი პროექტია და ეს გემი, რომელსაც მოსკოვი ყიდულობს ჯერ არც კი აშენებულა.F
ამასთან, ფრანგი დეპუტატები განსაკუთრებულ ყურადღებას თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართულ თანამშრომლობაზე ამახვილებენ და მიიჩნევენ, რომ მისტრალის მსგავსმა თემებმა ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე არ შეიძლება იმოქმედოს.
"მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში წარმოდგენილნი არიან ფრანგული ჟანდარმერიის თანამშრომლები, რომლებიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. საზღვრებზე ვითარებას აკონტროლებენ. ფრანგი სამხედროები კი საჩხერის სამთო ბაზაზე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ამზადებენ", - აცხადებს საფრანგეთის დელეგაციის წარმომადგენელი ქრისტიან ბატაი და აქვე ყურადღებას იმ ფაქტზეც ამახვილებს, რომ ავღანეთში ქართული შეიარაღებული ძალები ფრანგულ სარდლობას დაექვემდებარებიან.
"ასე, რომ არ შეიძლება ქართულ-ფრანგული ურთიერთობები მისტრალის თემის დონემდე დავიდეს", - აცხადებს ქრისტიან ბატაი.
საფრანგეთის სენატისა და ეროვნული სათათბიროს წარმომადგენლებმა შეხვედრა პარალმენტის ვიცე-სპიკერ გიგი წერეთელთან გამართეს, სადაც ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება განიხილეს. ასევე დაგეგმილია ფრანგი დეპუტატების შეხვედრა საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეებთან.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ფრანგი დეპუტატები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.