ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ შიდა ინვესტიციების განსახორციელებლად ყველაზე ხელსაყრელ სფეროდ მოსახლეობა ტურიზმის და დასვენების საშუალებებს მიიჩნევს, მეორე ადგილზეა სოფლის მეურნეობა, ხოლო მესამეზე - ვაჭრობა.
ბიზნესის ხელისშემშლელ ფაქტორებს შორის პირველ ადგილზე ფინანსურ რისკებს აყენებენ (გამოკითხულთა - 35%), შემდეგ ადგილზეა პოლიტიკური არასტაბილურობა (26 %), კორუფციას და ბიუროკრატიულ მექანიზმებს მესამე ადგილი ერგო (13, 6 %).
კვლევებით დადგინდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში წვრილი და საშუალო ბიზნესით დაკავებულთა უმეტესობა ვაჭრობის სფეროში საქმიანობს (45 %), სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის დარგში კი ინვესტიცია მხოლოდ 4,6 - 3,3 %-ს აქვს ჩადებული.
ბანკების მიერ გაცემული კრედიტებით გამოკითხულთა მხოლოდ 3 % სარგებლობს.
ბიზნესის ორგანიზებისთვის ხელისშემშლელ პრობლემებს შორის უპირველესად საწყისი კაპიტალის უკმარისობა სახელდება, შემდეგ - კრედიტების აღების სირთულე, მესამე - სამართლებრივი ნორმების მოუწესრიგებლობა და მეოთხე - მაღალი გადასახადები.