სმოლონსკთან მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზი პოლონელი პილოტების დაუდევრობა გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საგამოძიებო კომისიის წინასწარი დასკვნაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედიის აცილება ბოლო წამამდე იყო შესაძლებელი თუ პილოტები თვითმფრინავს სიმაღლის "აკრეფის" რეჟიმში გადაიყვანდნენ.
"პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის დაშვების რეკონსტრუქციისას ასევე, "შავი ყუთის" გაშიფვრის შედეგებმა აჩვენა, რომ მიუხედავად ცუდი კლიმატური პირობებისა ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო", - იუწყება რუსული მედია.
გამოძიების თანახმად, თვითმფრინავი ზუსტად გავიდა ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე, რომელთანაც მიახლოებისას ეკიპაჟმა განსაზღვრა, რომ დაჯდომის წერტილში მოხვედრას ვერ ახერხებდა.
"ამ დროს თვითმფრინავის მეთაურმა დაუშვა საბედისწერო შეცდომა. მან ფორსაჟი ჩართო. ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზებით თვითმფრინავი მარჯვნივ შეირყა და ერთდროულად მოხვევის რეჟიმში სიმაღლის "აკრეფას" შეეცადა. შედეგად ლაინერი ფრთებით ხეებს წამოედო, რის შემდეგაც მართვა დაკარგა", - აცხადებს რუსული მხარის მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი ექსპერტი, რომლის ვინაობასაც რუსული მედია არ ასახელებს.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა, რომელშიც, ბოლო მონაცემებით, 98 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა 10 აპრილს, სმოლენსკთან განიცადა. თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა. ლეხ კაჩინსკი სმოლენსკში კატინის მოვლენების 70 წლისთვისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიემგზავრებოდა.
ქვეყნის პრეზიდენტის დაღუპვის გამო პოლონეთში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული, ასევე გლოვის დღეები გამოცხადა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში.