რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ყირგიზეთის პრეზიდენტს ყურმანბეკ ბაკიევს ყირგიზი ხალხის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებას ურჩევს.
ამის შესახებ მედვედევმა აშშ-ში განაცხადა.
"აუცილებელია ხალხის დამშვიდება და ხელისუფლების ფორმირება, რომელიც სამუშაოს შესრულება შეუძლია, აქედან გამომდინარე კი ზოგიერთმა პოლიტიკურ ლიდერმა საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელიც ყირგიზი ხალხის ინტერესებში შედის და არა მის პირად პოლიტიკურ ამბიციებში", - აღნიშნა მედვედევმა.
ამასთან, მედვედევმა აღნიშნა, რომ თუ ვითარება უახლოეს მომავალში არ დარეგულირდება ყირგიზეთის ჩრდილოეთ და სამხრეთი ნაწილის გაყოფის რისკი არსებობს.
"ქვეყანა სახალხო ომის საფრთხის ქვეშ იმყოფება და თუ უარესი მოხდება, მაშინ ის მეორე ავღანეთს დაემსგავსება. მომხდარზე პასუხისმგებლობა კი, იმ ხელისუფლებას ეკისრება, რომელმაც ვერ შესძლეს საზოგადოების კონსოლიდირება და ეკონომიკის აღდგენა", - აღნიშნა მედვედევმა.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ინფორმაციით კი, ყირგიზეთის საკითხზე ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში შეხვედრის დროს რუსეთის ფედერაციის, უკრაინის და ყაზახეთის პრეზიდენტებმა დიმიტრი მედვედევმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა და ნურსულთან ნაზარბაევმაც ისაუბრეს.