ყირგიზეთის პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი აცხადებს, რომ იგი მზადაა გადადგეს, მხოლოდ იმ პირობით, რომ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოება დაცული იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ყირგიზეთის დროებით მთავრობაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე დროს, ასევე წყაროს ინფორმაციით, ამ დროისათვის ქალაქ ჯალალ-აბადის მიმართულებით, ანუ იქ სადაც ამჟამად იმყოფება ყირგიზეთის პრეზიდენტი ჯავშანტექნიკის კოლონა მიემართება, იმისათვის რათა ოშისაკენ მიმავალი გზა გადაკეტოს. ოშში ყირგიზეთის პრეზიდენტი თავისი მომხრეების მიტინიგის ჩატარებას აპირებს.
წყარო ასევე იუწყება, რომ კონტროლზეა აყვანილი ყირგიზეთის აეროპორტები იმისათვის რათა პრეზიდენტმა და მისმა მომხრეებმა ქვეყნის დატოვება ვერ შეძლონ.
ამას გარდა, ცნობილი ხდება ისიც, რომ ყირგიზეთის პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი ყირგიზეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელს როზა ოტუნბაევას მოსალაპარაკებლად ჯალალ-აბადში ეპატიჟება და მას უსაფრთხოებას ჰპირდება.
"მე ბიშკეკში არ ჩავალ. ოტუნბაევა ჩამოვიდეს მოსალაპარაკებლად. ჩვენ მის უსაფრთხოებას ვუზრუნველვყოფთ", _ აცხადებს ბაკიევი.
ყირგიზეთის პრეზიდენტის ამ შეთავაზების პასუხად კი ყირგიზეთის დროებითი მთავრობა აცხადებს, რომ იგი ბაკიევთან მოლაპარაკებების გამართვას არ აპირებს.
"დროებით მთავრობა კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არ აპირებს მოლაპარაკებების წარმოებას სისხლიან დიქტატორთან. ჩვენ მისგან არაფერი არ გვინდა და მასთან არც მოსალაპარაკებელი გვაქვს რამე", _ აცხადებს ყირგიზეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელის აპარატის უფროსი ედილ ბაისალოვი.