ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში ტრაგიკულად დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის და მთავრობის წევრების ხსოვნის პატივსაცემად დროშები დაუშვეს.
ამასთან, ნატოს გენერალურმა მდივანმა ადოლფ ფოგ რასმუსენმა სამძიმარი გამოუცხადა ტრაგიკულად დაღუპული ოჯახის წევრებს და აღნიშნა, რომ ალიანსი პოლონეთისა და პოლონელი ხალხის გვერდით დგას.
"ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილების ახლობლებსა და პოლონელ ხალხს. ლეხ კაჩინსკი მთელი ცხოვრება თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი იყო. მას მტკიცედ სწამდა ნატოს პრინციპები და ღირებულები, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია და სოლიდარობა. სწორედ სოლიდარობაა საკვანძო სიტყვა პოლონეთის უახლოეს ისტორიაში. ამ მძიმე წუთებში ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოლონელმა ხალხმა იცოდეს, რომ ალიანსი მათ გვერდში უდგას და სოლიდარობას უცხადებს ახლაც და მომავალშიც", - აღნიშნა რასმუსენმა.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა, რომელშიც, ბოლო მონაცემებით, 98 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა 10 აპრილს, სმოლენსკთან განიცადა. ყველა მგზავრი დაიღუპა. ლეხ კაჩინსკი სმოლენსკში კატინის მოვლენების 70 წლისთვისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიდიოდა.
ქვეყნის პრეზიდენტის დაღუპვის გამო პოლონეთში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული, ასევე გლოვის დღეები გამოცხადა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში.