რუსულ ქალაქ ივანგოროდში, სადაც დაახლოებით 11 ათასი მაცხოვრებელია ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ და ესტონეთთან მიერთებას ითხოვენ. მიმართვა, კი რომელიც 600-ზე მეტ ადამიანს აქვს ხელმოწერილი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს უკვე გაუგზავნეს. ლიტვური მედიის ინფორმაციით, მიმართვა _ როგორც ჩანს, პატარა საზღვრისპირა ქალაქის ერთადერთი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ თავის უბედურებაზე ყურადღება მიიქციოს.
აღნიშნული სკანდალური მიმართვა რუსეთის პრეზიდენტისადმი ივანგოროდის ქალაქის საკრებულოს დეპუტატმა იური გორდეევმა დაწერა. მიმართვას, რომელშიც გამოყოფისა და შეერთების თხოვნაა ჩამოყალიბებული ქალაქის 660 მაცხოვრებელმა და კიდევ ორმა დეპუტატმა მოაწერა ხელი. ამის შემდეგ ეს მიმართვა შეკვეთილი წერილებით ორივე ქვეყნის პრეზიდენტებს გაეგზავნათ.
"ჩვენ ივანგოროდის მაცხოვრებლები, მოგმართავთ თქვენ თხოვნით, ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტოთ ჩვენი ბედი და ჩვენი ქალაქის ბედი ამ ტერიტორიის ესტონეთის კუთვნილების შესახებ. ვინაიდან 300 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენი ქალაქი და მისი მიმდებარე ტერიტორიები ესტონეთის შემადგენლობაში შედიოდნენ. ჩვენი ქალაქი ერთადერთია რუსეთში, რომელიც პირდაპირ საზღვარზე დგას, ხოლო ესტონეთისგან ჩვენ მხოლოდ მდინარე ნაროვა გვკვეთს", _ ნათქვამია ორივე პრეზიდენტისათვის გაგზავნილ წერილში, სადაც არის ასევე მოთხოვნა ამ საკითხის გადასაწყვეტად რეფერენდუმის ჩატარების შესახებ.
თავად იური გორდეევის ინფორმაციით, ივანგოროდის ხელმძღვანელობამ აკრძალა ამ მიმართვის ტექსტის მედიაში დაბეჭდვა, თუმცა "უკვე დარეკეს "ამერიკის ხმიდან" და რადიო "თავისუფლებიდან", ასევე ესტონური გაზეთებიდან".
"სხვა გზა ჩვენი ქალაქის პრობლემის გადასაჭრელად არ არსებობს. ოცჯერ მაინც მივმართე პროკურატურას და გუბერნატორს სადეპუტატო მოთხოვნით", _ აცხადებს იური გორდეევი.
მისივე თქმით, ახლა რომ ივანგოროდში რეფერენდუმი ჩატარდეს, ქალაქის მაცხოვრებელთა უმრავლესობა ესტონეთის შემადგენლობაში შესვლას მისცემს ხმას.
"ჩვენთან საშუალო ხელფასი დაახლოებით 7 ათასი რუსული რუბლია. ესტონეთში კი პენსია დაახლოებით 12 ათასი რუბლი. ჩვენ მხოლოდ 50 კილომეტრი გვყოფს და ჩვენ ვიცით, თუ როგორ ცხოვრობენ საზღვრის იქითა მხარეს", _ აცხადებს იური გორდეევი.
აღსანიშნავია, რომ იური გორდეევის ინიციატივას ქალაქის ხელმძღვანელობაში ნეგატიური რეაქცია მოჰყვა.
"როგორი დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს ნორმალური ადამიანს სეპარატიზმთან. სხვა საკითხია, რომ ქალაქს პრობლემები მართლაც აქვს, ხოლო ოლქისა და ფედერალური ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ ან არ აქცევენ ყურადღებას პატარა ქალაქების პრობლემებს. ხოლო როგორც არ უნდა შევაფასოთ გორდეევის მიმართვა, ფაქტია, რომ ეს ქალაქის მოსახლეობის უმეტესობის განწყობაა", _ აცხადებს ქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ვასილი კაპრიანჩუკი.