შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო პოლიციის მე-6 სამმართველოს (ბარისახო) სექტორებს: N1 სექტორ ,,მუცოს", N2 სექტორ
,,შატილს", N3 სექტორ ,,ტერღას" და N5 სექტორ ,,ტანიეს" ესტუმრა.
სასაზღვრო პოლიციის უფროსი მესაზღვრეების გეგმიურ როტაციას პირადად დაესწრო, მათ მადლობა გადაუხადა წარმატებული მუშაობისთვის, შობა-ახალი წელი მიულოცა და შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის სახელით საახალწლო საჩუქრები და პირადი მილოცვა გადასცა. ზურაბ გამეზარდაშვილმა
ასევე ისაუბრა 2015 წლის გეგმებზე და აღნიშნა, რომ მომავალ წელს თითოეული მესაზღვრის საყოფაცხოვრებო და სამუშაო პირობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სფეროში მოსამსახურეთა პირობების გაუმჯობესება. 2014 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო პოლიციისათვის დამატებითი სახსრები გამოყო საქართველო-რუსეთის ფედერაციის, საქართველო-აზერბაიჯანის და საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრებზე ახალი სექტორების მშენებლობისთვის. 2014 წლის თებერვლიდან მესაზღვრეებს ხელფასები მნიშვნელოვნად გაეზარდათ. საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო
საზღვრის მონაკვეთზე აშენდა 3 სასაზღვრო სექტორი. საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 2 სასაზღვრო სექტორი. საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 4 სასაზღვრო სექტორი. საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის
სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 1 სასაზღვრო სექტორი.