,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" განაგრძობს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგს. ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მიერ წარდგენილ წლიურ ქონებრივ დეკლარაციებში მათი ქონება და ბიზნესსაქმიანობა არასრულად არის ასახული.
ორგანიზაციის ინფორმაციით, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის სამართლებრივ პირობები და მექანიზმები დარეგულირებულია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონით".
ასევე საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის N22 ბრძანებულებით, რომლითაც განსაზღვრულია იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, ვისთვისაც ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება სავალდებულოა.
ეკა ბესელია - ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი: ეკა ბესელიას არც ერთი წლის ქონებრივი დეკლარაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე არ იძებნება. ეს მაშინ როდესაც „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის" მე-14 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი ვალდებულია თანამდებობაზე განწესებიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. აღნიშნულ შემთხვევაში შესაძლოა საქმე გვქონდეს ტექნიკურ ხარვეზთან, რაც დროის უმოკლეს მონაკვეთში უნდა გასწორდეს.
ნაული ჯანაშია - მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი: ნაული ჯანაშიას 2014 წლის მაისში შევსებულ დეკლარაციაში სრულად არ აქვს აღნიშნული მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. კერძოდ - დაბა ბაკურიანში არსებული ბინა, 43.4 კვ.მ ფართობის (ს/კ 64.30.01.393.01.059); თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე ბინა, 52.4 კვ.მ (ს/კ 01.14.03.001.015.01.034) და ავტოფარეხი, რომელიც ასევე თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარეობს (ს/კ 01.10.15.006.055.02.039).
ლევან ქარდავა - წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი: ლევან ქარდავას 2013 წლის დეკემბერში შევსებულ დეკლარაციაში არასრულად აქვს წარმოდგენილი მისი და მისი ოჯახის წევრების ბიზნესინტერესები. კერძოდ - ლევან ქარდავა შპს „საქართველოს ინოვაციური ნანოტექნოლოგიების" (ს/კ 205278466) 20% წილის თანამფლობელია, იგი ასევე ფლობს 100% წილს შპს „მაგანა-2004"-ში (ს/კ 242730103), აღნიშნული წილი მართვის უფლებით მას გადაცემული აქვს მეუღლის მაკა მანიასთვის, ისევე როგორც მის მფლობელობაში არსებული 100% წილი შპს „გრუპპო ვიაში" (ს/კ 242743215).
ვახტანგ ლემონჯავა - ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი: 2014 წლის ივნისში შევსებულ დეკლარაციაში ვახტანგ ლემონჯავას არ აქვს მითითებული, რომ ის ფლობს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს შენობა-ნაგებობებით, საერთო ფართობით 342 კვ.მ. (ს/კ 46.05.02.887)
ვიქტორ ჯაფარიძე - მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი: ვიქტორ ჯაფარიძეს 2014 წლის დეკემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე ნათია ხვისტანი არის შპს „სეტის" (ს/კ 234178314) 50% წილისა და შპს „ტირ პარკ მარნეული 2014"-ის (ს/კ 434161603) 17% წილის თანამფლობელი.
გურამ მისაბიშვილი - სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი: გურამ მისაბიშვილს ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლის 22 მაისს აქვს შევსებული. აღნიშნულ დეკლარაციაში არ არის მითითებული მისი შვილის, გივი მისაბიშვილის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, ს/კ 44.03.28.155, 2855.00 კვ.მ; ასევე 4387.00 კვ.მ ს/კ 44.03.28.154. ორივე მიწის ნაკვეთი მდებარეობს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში.
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" -ს ინფორმაციით, თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციების შევსება გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს. ამიტომაც აუცილებელია, რომ თანამდებობის პირებმა დეკლარაცია სრულად შეავსონ. ამასთან, დეკლარაციების არასრულად შევსება კორუფციის საფრთხესაც შეიცავს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა, ან დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემების შეტანა ისჯება ჯარიმის ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ცალკეულ შემთხვევებში კი ითვალისწინებს თანამდებობის დაკავებისა ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სანქციას. თუმცა აღნიშნული რეგულაციები პრაქტიკაში ძალზედ იშვიათად გამოიყენება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" არაერთხელ მიუთითა ხელისუფლებას, კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლისთვის დამატებითი მონიტორინგის მექანიზმების შემუშავების აუცილებლობაზე.