,,ჩვენ უნდა განვსაზღვროთ პრიორიტეტები ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საყდრისის თემაზე საუბრისას განაცხადა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, ხელისუფლების პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა.
მისი თქმით, ბოლნისში თანამედროვე არქეოლოგიური მუზეუმი აშენდება, სადაც საყდრისში აღმოჩენილი არტეფაქტები განთავსდება, ხოლო კომპანია „RMG" გააგრძელებს მუშაობას.
„ჩვენ ერთ მხარეს გვქონდა წლების განმავლობაში აბსოლუტურად მიტოვებული, ყველასგან დავიწყებული არქეოლოგიური ობიექტი, სადაც აღმოჩენილი არტეფაქტები გადავიტანეთ ახალ სივრცეში და კომპანია „RMG"-ისგან მივიღეთ პირობა, რომ ბოლნისში აშენდება თანამედროვე არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც დაცული იქნება საყდრისში მოპოვებული ყველა არტეფაქტი და ის გახდება კულტურულ-ტურისტული ადგილი. ასევე დაგეგმილია ძველი გერმანული უბნის რეაბილიტაცია. რაც შეეხება მეორე მხარეს, ჩვენ გვქონდა 3000 ოჯახის და რაიონის ბედი გადასაწყვეტი, რადგან ეს კომპანია მთლიანად ინახავს ბოლნისის რაიონს. მინდა, მთავრობის სახელით დავადასტურო, რომ ჩვენ უნდა გავუგრძელოთ ნებართვის ვადა და მივცეთ კომპანიას საშუალება, გააგრძელოს მუშაობა, რათა 3 ათასი ოჯახი არ დარჩეს სამსახურის გარეშე და ბოლნისის რაიონი არ აღმოჩნდეს რთულ პირობებში. ეს არის ჩვენი საერთო პოზიცია - ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით საუბარი ეკონომიკურ გუნდთან,"-განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობამ ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო, რისი პრეცედენტებიც სხვა ქვეყნებშიც არსებობს.