საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობასთან დაკავშირებით.
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, მაღალია უმუშევრობის დონე, მოსახლეობას არ მიეწოდება ბუნებრივი აირი, რაც გარდა საყოფაცხოვრებო დისკომფორტისა, აფერხებს მცირე ბიზნესის განვითარებას; მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება ისეთ მნიშვნელოვან სახელმწიფო სერვისზე, როგორიცაა სანოტარო მომსახურება. შედეგად, გართულებულია სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება; დღემდე ავარიულ მდგომარეობაშია 2009 წლის მიწისძვრით დაზარალებული საცხოვრებელი სახლები; დაბალია მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. ეს მიზეზები სამწუხაროდ, მაღალმთიანი რაიონებიდან მოსახლეობის მასობრივ მიგრაციას განაპირობებს.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მაღალმთიანი რეგიონებისთვის ზრუნვა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია უნდა იყოს. სახელმწიფოს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მაღალმთიანი რეგიონებისადმი განაპირობებს ერთი მხრივ, რთული გეოგრაფიული მდებარეობა და მეორე მხრივ მწვავე დემოგრაფიული საკითხები, რომელიც მაღალმთიანი რეგიონების მუდმივი და მთავარი პრობლემაა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი წინადადებით მიმართავს საქართველოს მთავრობას სახელმწიფო დონეზე შემუშავდეს სათანადო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების და ადამიანის სასიცოცხლოდ აუცილებელი უფლებების დასაცავად; ქვეყნის მთელი ტერიტორიაზე თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მთავრობამ მიიღოს ზომები ე.წ. „მთის კანონის" შემუშავების მიზნით.
მასალის გამოყენების პირობები