სასაქონლო მარაგების სამხედრო-ტექნიკურ ტერმინთა ლექსიკონზე მუშაობა დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ქართული სალიტერატურო ენის ნორმების შესაბამისი სამხედრო ელექტრონული ლექსიკონი ექნება.
დღეს, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ორგანიზებით, თავდაცვის სამინისტროში პროექტში ჩართული ჯგუფების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ლოგისტიკური დაგეგმვისა და უზრუნველყოფის ქვედანაყოფებისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ყურადღება ლექსიკონის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. მათ ერთმანეთს სამუშაო პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
სამხედრო-ტექნიკური ლექსიკონი თავდაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ სტრუქტურებში სასაქონლო მარაგების მოძრაობის თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანას უზრუნველყოფს და შიდა სასაწყობე ოპერაციების სწორად ფორმირებას ხელს შეუწყობს.
პროექტი თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.