შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი ვეტერან მესაზღვრეებს შეხვდა და ვეტერანებს გაწეული სამსახურისა და თავდადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ, ყველანი ვალდებული ვართ ყოველთვის გავიხსენოთ, ისტორიას შემოვუნახოთ და პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, იმ ვეტერან მესაზღვრეებს, რომლებმაც ყველა სირთულის მიუხედავად, შეძლეს და ემსახურნენ საქართველოს თავდაუზოგავად. თქვენ ხართ ეტალონი გმირობისა და თავდადების, ჩვენი ახალგაზრდა მესაზღვრეებისთვის მაგალითის მიმცემი. ჩვენთვის დიდი პატივია დღეს თქვენთან შეხვედრა, მინდა, მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი, დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა გისურვოთ,"- აღნიშნა ზურაბ გამეზარდაშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ყოფილი მესაზღვრის, გარდაცვლილი ვიცე-პოლკოვნიკ იაკიმე ბალახაშვილის მეუღლე და შვილი.
სასაზღვრო ძალების შტაბის უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი იაკიმე ბალახაშვილი 2000 წლის 26 ოქტომბერს მივლინებული იყო საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ინგუშეთის მონაკვეთზე, მდინარე ასას ხეობაში, სადაც იგი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ნაღმზე აფეთქდა. ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, ბალახაშვილი ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. მისი მეუღლე - ლამარა ბალახაშვილი დღემდე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ბალახაშვილის ხსოვნას და ვეტერან მესაზღვრეებს სიმბოლური საახალწლო საჩუქრები გადასცა.