დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ზონისთვის სტატუსის შეცვლის საკითხზე მსჯელობა გაფართოებულ ფორმატში გაიმართა. შეხვედრას, რომელსაც საკრებულოს წევრებთან ერთად, მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, პროექტის ავტორებმა „პანორამა თბილისის" პრეზენტაცია გამართეს.
საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ავტორების თქმით, პროექტის განსახორციელებლად საჭიროა ოთხი ნაკვეთისთვის ზონალური სტატუსის შეცვლა. მათივე მტკიცებით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება იგეგმება.პროექტს ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უწოდა საკრებულოს თავმჯდომარემ.
გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, ეს არის იმ რაოდენობის ინვესტიცია, რომელიც თბილისს მისცემს უზარმაზარ შანსს, რომ იგი გახდეს რეგიონის ცენტრი. ალიბეგაშვილის განცხადებით, საკრებულო ღიაა შემდგომი განხილვებისთვისაც.
„დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ პროექტი მიიღებს იმ სახეს, რომელიც მისაღები იქნება დედაქალაქში მცხოვრებლებისთვის და წაადგება ქალაქს"- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის განცხადებით, პროექტი საჭიროებს სათანადო კვლევებს გეოლოგიურ და გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით.
სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის, ნუგზარ მალაღურაძის აზრით კი, პროექტის განხილვის ამ ეტაპზე გეოლოგიური დასკვნების წარმოდგენა საჭირო არ იყო, თუმცა ჩატარებულია ყველანაირი კვლევა, მათ შორის ისტორიული და არქეოლოგიური კვლევებიც. მისივე თქმით, პროექტის განხილვა მომავალშიც გაგრძელდება.დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თვლის, რომ ამ პროექტის ხელიდან გაშვება არ შეიძლება, რადგან იგი ქალაქის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა დეპუტატის აზრით, უმჯობესი იქნებოდა, თუ ეს პროექტი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე განხორციელდებოდა.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის თავმჯდომარის, გოჩა ბაბუნაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების არგუმენტებმა იგი ვერ დაარწმუნეს იმაში, რომ პროექტის ამ ტემპებით განხილვა არ შეიძლება. ბაბუნაშვილის აზრით, პირიქით რაც უფრო მალე დაიწყება პროექტის განხორციელება, მით უკეთესი იქნება ეს თბილისისთვის.
შეგახსენებთ, დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ, თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებაში შესატანი ცვლილებები მთაწმინდის რაიონში მდებარე რამდენიმე ზონისთვის სტატუსის შეცვლასა და ლანდშაპტური სარეკრეაციო, სატრანსპორტო და საცხობრებელი ზონების კონტურის დაზუსტებას გულისხმობს.
საუბარია ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, კოჯრის გზატკეცილზე, მათ შორის კოჯრის ახალ გზატკეცილზე #1, სოლოლაკის ხეივნის მიმდებარედ, სოლოლაკის ხეივანი, (ნაკვ.94/10), კოჯრის გზატკეცილზე #13, კოჯრის გზატკეცილი, სტელა "თბილისი"-ს მიმდებარედ/კოჯრის გზატკეცილი, #13-ის მიმდებარედ (ნაკვეთი 06/004) არსებულ მიწის ნაკვეთებზე.