ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ სპეციალური განკარგულება გასცა, რომლის ძალითაც 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებზე საღამოს 19 საათის შემდეგ ალკოჰოლის გაყიდვა აიკრძალება.
ნადარაიამ თავისი გადაწყვეტილება რაიონში ალკოჰოლიზმის გახშირებული შემთხვევებით ახსნა.
,,ეს პროფილაქტიკური ზომა გამოიწვია იმან, რომ ახალგაზრდობა ძალიან ბევრს სვამს. როდის ყოფილა აფხაზეთში, რომ ადგილობრივებს სასმელი მაწანწალებივით ქუჩაში ესვათ? ყოველივე ამას სხვადასხვა სახის ავბედით შემთხვევამდე მივყავართ, ავტოავარია იქნება ეს თუ მკვლელობა. თუ დალევა უნდათ, დასხდნენ კაფეში, რესტორანში ან სახლში და იქეიფონ." - განაცხადა მან.
თემურ ნადარაია იმედს გამოთქვამს, რომ მის ინიციატივას სხვა ქალაქებისა და რაიონების წარმომადგენლებიც აიტაცებენ.
გალის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის განკარგულება ძალაში ახალ წლამდე, 2014 წლის 28 დეკემბრიდან შევა.
კანონის დამრღვევს ჯარიმის სახით 1000 რუბლის გადახდა მოუწევს.
მასალის გამოყენების პირობები