ვლადიკავკაზისა და ალანიას არქიეპისკოპოსის ზოსიმეს ლოცვა-კურთხევით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალში ვლადიკავკაზიდან წმინდა გიორგის წმინდა ნაწილები ჩააბრძანეს.
ამის შესახებ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვარმა, მამა სერგეი (კოკოევმა) განაცხადა.
,,წმინდა ნაწილები ცხინვალის წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ტაძარში ერთი კვირა დარჩება. წმინდა გიორგი სამხრეთ ოსეთში ერთ-ერთი ყველაზე სათაყვანო წმინდანია, ამიტომ გადავწყვიტეთ მისი წმინდა ნაწილები ჩვენს რესპუბლიკაში ჩამოგვებრძანებინა, რათა მართლმადიდებლებმა მასთან მიახლება შეძლონ." - აღნიშნა მან.
მღვდელი სერგეის თქმით, 21 დეკემბერს წმინდა ნაწილების ტაძრიდან გამობრძანება და ცხინვალის გარშემო მორწმუნეთა მსვლელობაა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, წმინდა გიორგის ნაწილები ქალაქ ვლადიკავკაზის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში ინახება.
მასალის გამოყენების პირობები