ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტუმრის სტატუსით დაესწრება. ,, რუსთავი-2"-ის ინფორმაციით, რატიფიცირების პროცესს სააკაშვილი, ,,ევროპის სახალხო პარტიის" მიწვევით, დაესწრება.
,,ჩვენ მოვიწვიეთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რადგან სწორედ მისი რეფორმების და პოლიტიკური გუნდის დამსახურებაა, რომ შესაძლებლობა გვაქვს ამ დოკუმენტის რატიფიცირება მოვახდინოთ", _ განაცხადა ,,ევროპის სახალხო პარტიის" წევრმა იაცეკ სარიუჟ-ვოლსკიმ ,,რუსთავი- 2"-თან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას ხვალ მოახდენს. ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას ვერ დაესწრება.
„ხელისუფლების წარმომადგენლებს რაც შეეხება, ეს პარლამენტის პრეროგატივაა და შესაბამისად ბატონი დავით უსუფაშვილი იქნება მიწვეული, უბრალოდ პრობლემა არის ის, რომ მე როგორც ვიცი ბატონ დავითს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და იქნება სხვა წარმომადგენლობითი ჯგუფი საქართველოდან," - განაცხადა ჟურნალისტებთან კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები