13 დეკემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში", საქართველოს
პროგრესული ფორუმისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისი გამართავენ საქართველოში პირველი სოციალ-დემოკრატიული კვლევითი არასამთავრობო ორგანიზაციის - საქართველოს პროგრესული ფორუმის და მასთან ერთად - პროგრესული იდეების სკოლის პრეზენტაციას.
ღონისძიებას დაესწრებიან სამთავრობო, არასამთავრობო და პოლიტიკური
ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ პრეზენტაციის შემდგომ დაგეგმილ დისკუსიაში თემაზე „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების სოციალური განზომილება". მოწვეულ სტუმრებს შორის არიან, აგრეთვე,
პარლამენტის წევრები. საქართველოს პროგრესული ფორუმი, თავისი ღირებულებებიდან გამომდინარე, მიზნად ისახავს ქვეყანაში სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დანერგვას, რომლის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნება ადამიანთა სოციალური კეთილდღეობა, სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპების დამკვიდრება და სოლიდარული საზოგადოების ფორმირება. დღესდღეობით, ფორუმს უკვე შემუშავებული აქვს საკუთარი ხედვები ქვეყნის საგარეო პოლიტიკის, სოციალურ ეკონომიკური სფეროს, განათლების, ჯანდაცვის და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ეს მოსაზრებები წარმოადგენს იმ ჩარჩო მონახაზს, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაცია შეიმუშავებს უფრო კონკრეტულ რეკომენდაციებს.
პრეზენტაციისას წარმოდგენილი იქნება, ასევე, პროგრესული იდეების სკოლა, რომლის მიზანია საზოგადოებაში, და კერძოდ, ახალგაზრდებში, სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიისა და იდეების პოპულარიაზაცია და ინფორმირებულობის დონის გაზრდა. სკოლის ფარგლებში უკვე ჩატარდა პირველი ეტაპის სემინარები მთელი ქვეყნის მასშტაბით,
რომელშიც 200-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის, სპეციალური კონკურსის შედეგად გამარჯვებულმა ოთხმა მონაწილემ მონაწილეობა მიიღო სკოლის დასკვნით ეტაპზე გამართულ სასწავლო ტურში გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, შეხვედროდენ პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებს,
პარლამენტის წევრებს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფკავშირებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.