,,ნაცმოძრაობამ" ეკონომიკაში არსებული პრობლემების დაძლევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეზოლუციის პროექტი შეიმუშავა. როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაცმოძრაობის" წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განმარტა რეზოლუციის პროექტს პარალემნტში დღესვე დაარეგისტრირებენ. ,,ჯი-ეიჩ-ენი" რეზოლუციის პროექტის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: ,,საქართველოს პარლამენტი აუცილებლად მიიჩნევს შემდეგი ნაბიჯების გადადგმას:დადგეს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი;ეროვნული ვალუტის შემდგომი გაუფასურების შემთხვევაში, ეროვნულმა ბანკმა გამოიყენოს არსებული სავალუტო რეზერვები, რათა გაუფასურების ტემპმა ხელი არ შეუწყოს პანიკის გაჩენას;წლის ბოლომდე ხაზინიდან საბიუჯეტო თანხები გაიხარჯოს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში;გამოცხადდეს საგადასახადო ამნისტია 2014 წლის 30 ნოემბრამდე ჩადენილ ეკონომიკური და ფინანსური ხასიათის დანაშაულზე;უზრუნველყოფილ იქნას ევროკავშირთან არსებული ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების პოტენციალის მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტური რეალიზაცია და ექსპორტიორების სათანადო მომზადება რათა მათ სრულად ისარგებლონ აღნიშნული ხელშეკრულების სიკეთეებით;დაჩქარდეს მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რომლის დაწყებაზე შეთანხმებას საქართველოს და აშშ პრეზიდენტებმა 2011 წელს მიაღწიეს;მოხდეს ეკონომიკური დ ფინანსური ხასიათის დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, ისე რომ ასეთი ტიპის დანაშაულზე წინასწარი პატიმრობის გამოყენება, აღმკვეთი ღონისძიების სახით, იყოს გამორიცხული;გამოცხადდეს მორატორიუმი ისეთი რეგულაციების შემოღებაზე, რომლებიც აუარესებს ან არასტაბილურს ხდის ეკონომიკურ გარემოს; საქართველოს პარლამენტთან შეიქმნას რეგულაციების ეკონომიკაზე ზეგავლენის ანალიზის ცენტრი, რომლის დადებითი დასკვნაც აუცილებელი იქნება ახალი რეგულაციის პროექტის საპარლამენტო სესიაზე გასატანად;მოხდეს 2014 წელს შემოღებული სავიზო რეგულაციების გაუქმება ან უკიდურესი გამარტივება;შეწყდეს დისკუსია სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და/ან მათ მფლობელობაში არსებულ კომპანიებზე მიყიდვის დაუშვებლობაზე; აღმოფხვრილ იქნას ხელოვნური ბარიერები, რომლებსაც მიწის რეგისტრაცის პროცესში აწყდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები;შეწყდეს საბიუჯეტო შემოსავლების უზრუნველჰყოფის მიზნით გადასახადების მატების პოლიტიკა; გაუქმდეს სხვადასხვა პროდუქტზე 2015 წლიდან დაგეგმილი აქციზის გადასახადის მატება; შევიდეს ცვლილება ეკონომიკური თავისუფლების აქტში, რომლითაც სახელმწიფოს მხრიდან აქციზის მომატებას დასჭირდება საყოველთაო რეფერენდუმი;მოხდეს იმ გადასახადების შემცირება, რომლებიც გათვალისწინებული იყო საგადასახადო კოდექსით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე: საშემოსავლო გადასახადი შემცირდეს 15%-მდე; გაუქმდეს დივიდენდზე გადასახადი; გაუქმდეს გაასახადი როიალტიზე ;დაიწყოს დისკუსია დამატებითი ღირებულების გადასახადის შემცირებაზე;დაიწყოს დისკუსია ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის გაუქმებაზე;შეწყდეს ბიუჯეტის დაფინანსების მიზნით ფართომასშტაბიანი შიდა ვალების აღების პრაქტიკა; შევიდეს ცვლილება ეკონომიკური თავისუფლების აქტში, რომლითაც შიდა ვალზე დაწესდება ზედა ზღვარი;შეიზღუდოს შემოსავლების სამსახურის უფლებები;შეწყდეს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების სუბსიდირებასა და ე.წ. ექსპორტის წახალისების პროგრამებში გადასახადახადის გადამხდელების ფულის ფლანგვა;გაუქმდეს, არაეფექტური ახალი ბიუროკრატიული წარმონაქმნები, რომლებიც ზედმეტ ტვირთად დააწვა გადასახადის გადამხდელებს (მაგალითად: ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭო, უსაფრთხოების საბჭო და სხვა);მაქსიმალურად დაჩქარდეს სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენილი აქტივების პრივატიზაცია;შეიცვალოს კანონი, რომლითაც რეგულირდება სახელმწიფოს მხრიდან ფარული მიყურადება, ე.წ. ‘შავი ყუთი' გამოვიდეს შსს-ს განკარგულებიდან, რათა შეუძლებელი გახდეს სახელმწიფოს რომელიმე სტრუქტურის მხრიდან ბიზნესის უკანონო ფარული მიყურადება;სახელმწიფო სტრუქტურებს, მათ შორის შემოსავლების სამსახურს, აეკრძალოთ წვდომა კერძო პირების საბანკო მონაცემებზე სასამართლოს ნებართვის გარეშე;სახელმწიფომ მიმართოს უფრო ეფექტურ ბრძოლის მეთოდებს საზოგადოებაში მომატებულ ქსენოფობიურ განწყობებთან მიმართებაში; მათ შორის გამოიყენოს სასჯელის მკაცრი ფორმები ქსენოფობიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შემთხვევებში;შეიცვალოს სოციალურ ხრჯებთან მიმართებაში არსებული პოლიტიკა და ის გახდეს მაქსიმალურად მიზნობრივი და საჭიროებაზე ორიენტირებული (ნაცვლად ‘უნივერსალური' მიდგომისა);მოხდეს ეკონომიკური თავისუფლების საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს არსებული პოზიციების გაანალიზება და ეკონომიკური პოლიტიკა წარიმართოს ამ პოზიციების გაუმჯობესების მიმართულებით;განახლდეს აქტიური საერთაშორისო კამპანია, რომელიც საქართველოს მსოფლიო ბაზარზე წარმოაჩენს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალური ეკონომიკის მქონე ქვეყანას", _ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.