ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას ,,Forbes Georgia"-სთან გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, მას უპასუხისმგებლოს უწოდებს და განმარტავს, რომ მსგავსი ტიპის განცხადებას ,,ნაციონალებიც" აკეთებდნენ.
,,ასეთ უმეცარ განცხადებებს ჩემთან დაკავშირებით „ნაციონალებიც" აკეთებდნენ. თუ ალასანიამ ეს სერიოზულად თქვა, მან არ იცის, რას ნიშნავს მართვა და მენეჯმენტი. სწორედ მენეჯმენტში ჰქონდა პრობლემები მინისტრობის დროს და ამაზე მასთან ხშირად მქონდა საუაბარი. შევახსენებ იგივე ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტებს და ჩაშლილ ტენდერებს. სამეგრელოში წაგებულ არჩევნებთან დაკავშირებით დღემდე მაქვს კითხვა, რა მოხდა. საწყენია, რომ გუშინდელი პარტნიორები დაუფიქრებელ განცხადებებს რომ აკეთებენ", - განაცხადა ჟურნალისტებთან ივანიშვილმა.
ჟურნალ ,,Forbes-თან" "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია ქვეყანში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანას არა ინსტიტუტები, არამედ ერთი კაცი მართავს.
„იმის გამო რომ დღეს ქვეყანას არ მართავს ინსტიტუციები და ერთი ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული სახელმწიფოებრიობის ბედის გადაწყვეტა, ამიტომ იჭიმება ყველანაირი და ყველა სახის გადაწყვეტილებები. ის, რასაც სჭირდება ხუთი წუთი ანდა ერთი დღე ეს იჭიმება ორი თვე",- განაცხადა ალასანიამ და აღნიშნა, რომ ბოლო მოვლენების განვითარებაში ნათლად გამოჩნდა, რამდენად ჩახედულია, თუნდაც ბიძინა ივანიშვილი იმ დეტალებში, რაზეც პროკურატურაც კი არ საუბრობს ასე ღრმად.
„ეს კიდევ ერთი საბუთია, თუნდაც კიდევ ერთი საბუთია იმის, რომ ქვეყანას ერთი კაცის ნება და არა ინსტიტუტები და კანონები მართავს. როდესაც არ არის ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღები პირი პრემიერ-მინისტრი, როდესაც მას აქვს ვალდებულება იმისი რომ ყველა საკითხი შეათანხმოს კონკრეტულ ადამიანთან, ეს ქმნის ვაკუუმს. ეს რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის არ დამაზიანებელი",-განაცხადა ალასანიამ.