ნატოს სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უმთავარესია რეალურ ცხოვრებაშიც იქნეს პოლიტიკური დევნა თავიდან აცილებული.
,,ჩვენ ვართ შეშფოთებული, რომ შეიძლება არსებობდეს იმის აღქმა, რომ დევნა ხორციელდებოდეს პოლიტიკური ნიშნით. უმთავრესია რეალურ ცხოვრებაშიც იქნეს პოლიტიკური დევნა თავიდან აცილებული და აღქმაც კი არ უნდა არსებობდეს, რომ რაღაც პოლიტიკური ნიშნით ხდება", _განმარტა აპატურაიმ.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულებს, გამოძიება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვას ედავება.
გამოძიების ინფორმაციით, 2013 წელს, თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას, უპირატესობა „სილქნეტს" მიენიჭა. პროკურატურის განცხადებით, ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტს" უნდა გადაუხადოს ჯამში 6 720 877.42 ლარი, საიდანაც წინასწარ (ავანსად) გადარიცხულია უკვე 6 480 877.42 ლარი, სანაცვლოდ კი თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტისგან" 2015 წლის 16 იანვარს უნდა მიიღოს ქონება და მომსახურება, რომლის რეალური საბაზრო ღირებულება ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად შეადგენს მხოლოდ 2 618 004.82 ლარს.
თავდაცვის სამინისტრო ინიციატივით გამოდის, საზოგადოების მაღალი ინტერსის გათვალისწინებით, აღნიშნულ შესყიდვას გრიფი მოეხსნას, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. გრიფის მოხსნას ითხოვს ასევე, დაცვის მხარეც.