საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც ცესკო-ს წევრობის კანდიდატურები წარადგინა. როგორც დავით პატარაიამ აღნიშნა, ცესკო-ს წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მე-12 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ორი კანდიდატურა - ლევან ტურაშვილი და ზურაბ ხრიკაძე წარუდგინა. ქვეყნის პირველმა პირმა შესაბამისი წერილი საქართველოს პარლამენტში 28 ნოემბერს გადააგზავნა. როგორც ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, კანდიდატურების შერჩევა კონკურსის საფუძველზე, პარიტეტულ საწყისებზე შექმნილი კომისიის მიერ მოხდა. მისი ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მალე ახალი კანდიდატების განაცხადების მიღება დაიწყება, რადგან ცესკო-ს სამ წევრს მომავალი წლის იანვარში გასდის ვადა.
„დამატებით გაცნობებთ, რომ იანვარში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კიდევ სამი ადგილი თავისუფლდება და ახალი კონკურსისთვის საქართველოს ადმინისრაციაში პროცედურები რამდენიმე დღეში დაიწყება. იმისათვის, რომ პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართოს, პრინციპი კვლავაც პარიტეტულ საწყისებზე იქნება დაფუძნებული. ვაკანსია გამოცხადდება სამ კანდიდატზე, შესაბამისად, პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს 6 კანდიდატს", - აღნიშნა დავით პატარაიამ.
ადმინისტრაციის უფროსის თქმით, ლევან ტურაშვილსა და ზურაბ ხრიკაძეს საარჩევნო საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ და აქტიურად იყვნენ ჩაბმული, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებში.
ცესკო-ს წევრობის კანდიდატებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს პრეზიდენტს ნდობისთვის და აღნიშნეს, რომ პარლამენტის ნდობის შემთხვევაში ძალისხმევას არ დაიშურებენ საარჩევნოს პროცესის გაუმჯობესებისათვის. მათი განცხადებით, ამ სფეროში მუშაობის შედეგად დაგროვილ გამოცდილებას მოახმარენ ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების დაცვას, ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დამკვიდრებას, პროცესის სამართლიანად წარმართვის უფრო მეტი შესაძლებლობის შექმნას.
კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსი 4 ნოემბერს გამოცხადდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სულ შემოვიდა 18 განაცხადი, რომელთაგან კომისიამ შეარჩია და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინა სამი კანდიდატურა. საქართველოს პრეზიდენტმა ორი კანდიდატურა, კანონმდებლობის შესაბამისად, შვიდი დღის ვადაში წარუდგინა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს.
საკონკურსო კომისია დაკომპლექტებული იყო ექვსი წევრისგან, რომელთაგან სამი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი იყო, ხოლო სამი - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
მასალის გამოყენების პირობები