აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი უერთდება შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს და მოზარდების ინფორმირების მიზნით აწყობს შეხვედრას ბათუმის N1 საჯარო სკოლაში. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება უფროსკლასელთა მიერ მომზადებული პრეზენტაციები, რომლებსაც გადაეცემათ სიმბოლური საჩუქრები.
შეხვედრას ასევე დაესწრებიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს წარმომადგენლები.
1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღნიშვნის ტრადიცია სათავეს გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იღებს. 1988 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შიდსის პროგრამის მიერ ეს დღე ოფიციალურად იქნა გამოცხადებული შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღედ. დღეისათვის მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება ამ დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება, რითაც აივ ინფიცირებულთა თემი, მთავრობები და არასამთავრობო სექტორი ცდილობს საზოგადოებას შეახსენოს შიდსის პრობლემის აქტუალობის და ამ მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების გაფართოების აუცილებლობის შესახებ.
საქართველოში 2014 წლის 26 ნოემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 4640 შემთხვევა, 3409 - მამაკაცი, 1232 - ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-39 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 2814 პაციენტს, 966 გარდაიცვალა.
არვ მკურნალობას იტარებს 2122 პაციენტი, მათგან 45 - ბავშვია.
მკურნალობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით 2014 წელს დაიწყო გაეროს შიდსის პროგრამისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთობლივი კამპანია:
„90 - 90 - 90„
კამპანია მიზნად ისახავს შიდსის ეპიდემიის შეჩერებას მაღალაქტიური ანტირეტროვირუსული (არვ) მკურნალობის ამბიციური ფართომასშტაბიანი პროგრამის საშუალებით. 2014 წლის ბოლოსთვის აღნიშნულ მკურნალობას მსოფლიოში მხოლოდ 13.6 მილიონი ადამიანი ღებულობს.
2020 წლისთვის მისაღწევი მიზნები:
აივ ინფიცირებულთა 90%-მა უნდა იცოდეს საკუთარი ინფიცირების შესახებ;
აივ ინფიცირებულთა 90% უნდა იღებდეს არვ მკურნალობას;
მკურნალობაზე მყოფი აივ ინფიცირებულთა 90%-ში მიღწეული უნდა იქნას აივ სუპრესია (სისხლში აივ ვირუსის ნულოვანი დონე)