საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ კანონპროექტებზე მოტივირებული შენიშვნები წარადგინა.
ჯი-ეიჩ-ენი გთავაზობთ პრეზიდენტის შენიშვნებს.
საქართველოს პარლამენტს
საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის შესაბამისად, შენიშვნებით გიბრუნებთ საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 28 ნოემბერს მიღებულ და ხელმოსაწერად წარმოდგენილ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტებს.
წარმოდგენილი კანონპროექტებით გათვალისწინებულია ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების კონტროლის მექანიზმის შექმნა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ორეტაპიანი მოდელის დამკვიდრება, კავშირგაბმულობის საშუალებებზე წვდომის და ინფორმაციის მოპოვების, ასევე ამ პროცესებზე ზედამხედველობის სისტემის ჩამოყალიბება და კავშირგაბმულობის საშუალებებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მიღების მექანიზმის შემუშავება.
მიგვაჩნია, რომ:
1. საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ პირის შესახებ პერსონალური მონაცემების და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებიდან უნდა განხორციელდეს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლისა და საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებული ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის სტანდარტის შესაბამისად. ხსენებული სტანდარტი ითვალისწინებს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მიერ პირის პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული ინფორმაციის სახელმწიფო ორგანოსათვის გადაცემას მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, პროკურორის დადგენილების საფუძველზე. ამასთან, აუცილებელია არსებობდეს ინფორმაციის გადაცემაზე გარე კონტროლის ეფექტიანი მექანიზმი, რათა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოებისა და პერსონალური მონაცემების დაცვა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და საქართველოს მოქალაქე თამარ ხიდაშელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", მიუთითებს, რომ „ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს უფლების შეზღუდვის სხვა ფორმებისაგან განსხვავებით ახასიათებს ფარული ბუნება, მათ დიდ ნაწილს საზოგადოება საერთოდ ვერ ხედავს და, შესაბამისად, ვერ აკონტროლებს. ამ ფონზე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან უფლებაში არათანაზომიერი ჩარევის ცდუნება და რისკი სხვა შემთხვევებთან შედარებით მაღალია. ნეიტრალური პირის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედებების გაკონტროლება ამცირებს თვითნებობის რისკებს და წარმოადგენს კანონის სწორი გამოყენების მნიშვნელოვან გარანტიას".
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტით, რომელიც წარმოდგენილია ხელმოსაწერად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების და უფლებამოსილი ორგანოს მონაცემთა ბანკებში განხორციელებული აქტივობების კონტროლს ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. იმავდროულად, ხსენებული კანონის პროექტისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოსთან ერთად, არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების ერთ-ერთი შემადგენელი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ელექტრონული თანხმობის გარეშე შეუძლებელია სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის განხორციელება. შესაბამისად, ნათელია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ერთდროულად წარმოადგენს როგორც ფარულ მოსმენა-მიყურადების პროცესზე გარე კონტროლის მექანიზმს, ასევე თავად ამ პროცესის ერთ-ერთ შემადგენელს. ეს კი, თავის მხრივ, ეჭვქვეშ აყენებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაზე გარე კონტროლის მექანიზმის ეფექტიანობას, მიუკერძოებლობისა და ნეიტრალურობის ხარისხს.
ზემოხსენებული არგუმენტაციის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი უნდა წარმოადგენდეს ფარულ მოსმენა-მიყურადების პროცესის მხოლოდ გარე კონტროლის ინსტიტუტს, მით უმეტეს, რომ მას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს მოქმედი კანონი საქართველოში მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქციას აკისრებს.
2. ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორეტაპიან ელექტრონულ სისტემაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ნაცვლად სასამართლოს მონაწილეობით მიღწეულ იქნება ამ სისტემის ეფექტიანი და მიუკერძოებელი ფუნქციონირება. ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების პროცესში სასამართლოს მონაწილეობის ხარისხის გაზრდა, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან გამიჯნულ სახელისუფლებო ინსტიტუციას წარმოადგენს, უდავოდ იქნება პირადი ცხოვრების კონსტიტუციური უფლების დაცვის მაღალი სტანდარტის დაწესების წინაპირობა. ამასთან, სასამართლოს ელექტრონული თანხმობის არსებობის სავალდებულოობა ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორეტაპიან ელექტრონულ სისტემაში, ვერ იქნება აღქმული სასამართლოს მონაწილეობად ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების პროცესში. სასამართლო, როგორც ხსენებული ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის შემადგენელი, თავად კი არ